Human Rights Watch - ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცე შეარყია

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქართველოს მედიასივრცე შეარყია, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშის იმ ნაწილშია ნათქვამი, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება.

„გადაწყვეტილების შედეგად, ტელევიზია ყოფილ მფლობელს - ქიბარ ხალვაშს გადაეცა, რომელმაც განაცხადა, რომ 2006 წელს ის აიძულეს, ტელევიზია საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად გაეყიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ სარჩელი ტელევიზიის ხელში ჩაგდების მიზნით ხელისუფლების მიერაა ორკესტრირებული.

ხალვაშმა ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია დანიშნა, რომელმაც პირობა დადო, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდა, თუმცა პაატა სალიამ მალევე გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერები, პოლიტიკური და გასართობი გადაცემების წამყვანები და ამის მიზეზად ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებების გამო შექმნილი ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. ამ ნაბიჯის შემდეგ ტელევიზია თითქმის მთელმა ნიუსრუმმა დატოვა, რამაც მაუწყებლობის დროებით შეწყვეტა გამოიწვია.

აგვისტოში გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენა და განაცხადა, რომ მან ყალბი სარეკლამო შეთანხმების გაფორმებით ტელევიზიას 7,2 მილიონი ლარი დააკარგვინა. სასამართლომ გვარამიას გირაოს სახით 40,000 ლარის გადახდა დააკისრა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ გამოძიების დაჩქარებული წესით წარმოებას ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რომლის მიზანი ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დევნაა.

„სექტემბერში გვარამიამ ახალი პროოპოზიციური მაუწყებელი „მთავარი არხი დააფუძნა“, სადაც „რუსთავი 2“-ის ბევრი ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი დაასაქმა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაცია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზეც საუბრობს.

„ხელისუფლებამ ბრალდებები წაუყენა კიდე ერთი დამოუკიდებელი და კრიტიკული მაუწყებლის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელს. პროკურატურა გამოთქვამს ვარაუდს, რომ წერეთელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს 2008 წელს „უკანონო შემოსავლის“ სახით მიღებული 17 მილიონი აშშ დოლარის ლეგალიზებაში დაეხმარა. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ყოველწლიური, 30-ე, ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა შეფასებული.

იხილეთ ვიდეო: Human Rights Watch - ქართულ მედიასივრცეში შექმნილ პრობლემებზე 2020 წლის ანგარიშში წერს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს