სალომე სამადაშვილი ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაზე - ის პროექტები, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არსებობდა, დაკონსერვდა - ეს ივანიშვილის 8-წლიანი მართვის პირდაპირი შედეგია

ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითი იქნება იმ შეჩერებული, გაყინული განვითარების, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს.

მისივე თქმით, რეალურად, ყველა ვხედავთ, რომ არანაირი მოძრაობა წინ არ არის და ის პროექტები, რაც არსებობდა ქვეყნის განვითარებისთვის, დაკონსერვდა.

„პარლამენტის თუ სხვა სახელმწიფო უწყებების ქუთაისში გადატანას თავისი გრძელვადიანი შედეგი ექნებოდა ქუთაისის განვითარებაზე და ქუთაისი, ისევე, როგორც საქართველოს ბევრი სხვა ქალაქი თუ სოფელი, დღეს არის მივიწყებული და ყოველგვარი განვითარების პერსპექტივის გარეშე დატოვებული, ეს ბიძინა ივანიშვილის უკვე 8-წლიანი მართვის პირდაპირი შედეგია“, - აღნიშნა სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

„ინვენტარიზაცია დასრულდა და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციური დატვირთვის შესახებ,“ - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

როგორც ცნობილია, გასული წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა. როგორც დაანონსებული იყო, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შსს-ს უნდა გადასცემოდა, სადაც ძალოვანი უწყება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავდა.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამ დროისთვის კი შენობა დაკონსერვებულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა