ლაშა ტუღუში - Human Rights Watch-ის ანგარიში ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მედიას აქვს სერიოზული პრობლემები და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, არ არის თავისუფალი ქვეყნების რიგში

Human Rights Watch-ის ანგარიში ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მედიას აქვს სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემები ნიშნავს იმას, რომ საქართველო მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არ არის თავისუფალი ქვეყნების რიგში, - ასე აფასებს მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას Human Rights Watch-ის ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება.

მისი თქმით, „პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ძალიან სერიოზულად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე“.

„მოსალოდნელი იყო ასეთი შეფასება. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ის რაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მოხდა, აუცილებლად აისახებოდა ასეთი მძლავრი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. ასევე, „ტვ პირველის“ მესაკუთრესთან მიმართებით რაც ხდება, ისიც აუცილებლად მოხვდებოდა ამ ანგარიშებში. რომ შევხედოთ, რა საკითხებს შეეხო ანგარიში, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხები. მაგალითად: საკუთრების უფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა, საკადრო ცვლილებების განხორციელება იმ ფორმით, რომ კონკრეტული მედიის პოლიტიკა შეიცვალოს, ჩარევა მესაკუთრესთან საგადასახადო კუთხით - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ტელეკომპანია „პირველს“. ეს არის კრიტიკული ტელევიზია, თავისუფალი მედია. ეს ყველაფერი ჯამში ნამდვილად არ მატებს არაფერს საქართველოს, რეიტინგის და იმიჯის თვალსაზრისით. საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხოლმე იმიტომ, რომ მას აქვს სხვა პრეტენზიები და სხვა მოლოდინები და ცხადია, ეს შეფასებები არის ძალიან სერიოზული, რომელიც დამყარებულია მკაფიო მეთოდოლოგიაზე. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან სერიოზულად აისახება ჩვენს მომავალზე იმიტომ, რომ საქართველოს პოლიტიკური განვითარების კუთხითაც აქვს პრეტენზია. მას უნდა, რომ გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. აბსოლუტურად არასერიოზული იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ ვიღაცებს შეცდომაში შეჰყავთ ეს ორგანიზაციები. ეს მოსაზრებები ძალიან არასერიოზულია და სერიოზულ ზიანს აყენებს ეს არასერიოზულობა ქვეყნის მომავალ, რაც სამწუხაროდ, არ ესმის ჩვენს პოლიტიკურ ელიტებს, მმართველ გუნდს და ამიტომაც აუცილებლად დაგვხვდება წინ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქართველოს მედიასივრცე შეარყია“.

ორგანიზაცია „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზეც საუბრობს.

„ხელისუფლებამ ბრალდებები წაუყენა კიდე ერთი დამოუკიდებელი და კრიტიკული მაუწყებლის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელს. პროკურატურა გამოთქვამს ვარაუდს, რომ წერეთელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს 2008 წელს „უკანონო შემოსავლის“ სახით მიღებული 17 მილიონი აშშ დოლარის ლეგალიზებაში დაეხმარა. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა