სერგი კაპანაძე Human Rights Watch-ის ანგარიშზე - ივანიშვილის მმართველობის პირობებში დემოკრატია უკან მიდის და ეს არ რჩება შეუმჩნეველი პარტნიორების მხრიდან

ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატია მიდის უკან და ეს არ რჩება შეუმჩნეველი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ Human Rights Watch-ის ანგარიშის შეფასებისას „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიში საუბარია ყველა იმ სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და აღნიშნულია, რომ დაუსჯელობის სინდრომი საქართველოში გადაულახავ პრობლემად რჩება.

„ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ უკვე ყველა აკრიტიკებს ხელისუფლებას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, აშშ-ის კონგრესმენები, ევროპარლამენტარები და უკვე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამომცემლობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც არის მაგალითად, Human Rights Watch. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სერიოზული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული კუთხით არის, არ რჩება შეუმჩნეველი საერთაშორისო ასპარეზზე. ყველა ის განმარტება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ეს არის ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ მოისყიდა ეს ორგანიზაციები, უბრალოდ სასაცილოა და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ანგარიშში არის ცალსახად საუბარი იმაზე, რომ 20 ივნისის აქცია არ იყო ძალადობრივი, თუ არ ჩავთვლით ეპიზოდებს და ჯამში იყო მშვიდობიანი. მეორეც, იქ არის საუბარი იმაზე, რომ ძალა, რომელიც გამოიყენა პოლიციამ, იყო არაადეკვატური და იყო ძალის გადამეტება. საუბარია იმაზე, რომ დასჯა მოხდა ცალმხრივად, ანუ, დაისაჯნენ მხოლოდ მშვიდობიანი მომიტინგეები და არ დაისაჯა ის, ვინც ძალა გადაამეტა და თვალები დათხარა ახალგაზრდებს. შეფასებაა გაკეთებული, რომ გადაულახავ პრობლემად რჩება ეს დაუსჯელობის სინდრომი.

ანგარიშში საუბარია ყველა იმ სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს და არსებობდა წინა წელს, ეს არის კიდევ ერთი ვერდიქტი ივანიშვილისთვის, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატია მიდის უკან და ეს არ რჩება შეუმჩნეველი ჩვენი პარტნიორების მხრიდან“,- განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცე შეარყია. ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა და საუბარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს