გენერალური პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი - ამ თანამდებობაზე ვინც არ უნდა გავიდეს, ყველა იქნება პოლიტიკური თავდასხმის და ცილისწამების მსხვერპლი - ამისთვის მზად ვარ

გენერალურ პროკურორად ვინც არ უნდა გავიდეს, ყველა იქნება პოლიტიკური თავდასხმისა და ცილისწამების გინდ მსხვერპლი დავარქვათ, გინდ ობიექტი. ამისთვის მე მზად ვარ, - ამის შესახებ ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარემ გრიგოლ გაგნიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომელსაც გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავების სურვილი აქვს.

მისი თქმით, დღეს მთავარი პროკურორობა არა ფუფუნება, არამედ საპასუხისმგებლო თანამდებობაა.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არ ვარ - ეს მთავარი კრიტერიუმია. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ვიქნები ობიექტური და სამართლიანი. მე, როგორც 18 -წლიანი უფლებადამცველის, ადვოკატის სტაჟით, ამჟამად, რა თქმა უნდა, სურვილი გამოვხატე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და უშიშროების პრიზმაში გენერალური პროკურორის რანგში ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ამ უწყებას. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვიქნები რიგითი პროკურორების დამცველი. ამ კუთხით ვგულისხმობ იმას, რომ, ვინც კარგი პროკურორია და მუდმივად ზრუნავს საკუთარი თავის განვითარებაზე, ამ შემთხვევაში წავახალისებთ თითოეულ რიგით პროკურორს. ასევე, გავაღრმავებთ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან. აქვე ვიტყვი იმას, რომ ყველა პროკურორის შრომა უნდა დაფასდეს და ვეცდები დავაფასო მათი შრომა და ღვაწლი“, - აღნიშნა გრიგოლ გაგნიძემ.

კითხვაზე, თუ რას ხედავს დღეს პროკურატურაში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად, გრიგოლ გაგნიძემ განაცხადა, რომ პროკურორებმა საქმის კვალიფიკაცია სწორედ უნდა წარადგინონ.

„საერთოდ ზოგადად ნათქვამია, განაჩენით ყველა კმაყოფილი ვერ იქნებაო, ვიღაცას მოსწონს პროკურორი, ვიღაცას ის არ მოსწონს, ამიტომ პროკურატურის მუშაობით ყოველთვის იქნება ვიღაც მომხრე და კმაყოფილი, ვიღაცა უკმაყოფილო. ეს ჩვეულებრივი პროცესია და მხოლოდ საქართველოში არაა. ვიღაც მტყუნდება, ვიღაც მართლდება, ვიღაცის უფლებების დაცვა ხდება. ამ შემთხვევაში, პროკურატურა სახელმწიფო პრიზმიდან იცავს ადამიანის უფლებებს და ამაზე კოლოსალური შრომა და დრო იხარჯება. კონკრეტულად რა პრობლემა აქვთ პროკურორებს, მე ვფიქრობ, რომ როდესაც სასამართლოში ხდება ბრალდების მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა, აქცენტია გასაკეთებელი, რომ პროკურორების მიერ კვალიფიკაცია სწორად იქნას წარდგენილი“, - განაცხადა გრიგოლ გაგნიძემ.

გაგნიძის ინფორმაციით, ის საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე განსახილველად ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა, მათ შორის, „ანტიკორუფციული უსაფრთხოებისა და ხარისხის აუდიტის სამსახურმა", ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ", „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრმა" და „მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის განვითარების სააგენტომ".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს