ადვოკატის ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა, რაც „სინამდვილეს არ შეესაბამება“

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, ამავე საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ სასამართლოში განაცხადა, რომ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ჩვენება სინამდვილეს არ შეესაბამება.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ზურაბ თოდუამ განუცხადა, გიორგი ჯანაშიას მსგავს დეტალებზე აქამდე არცერთ ჩვენებაში არ უსაუბრია. მისივე განმარტებით, ჯანაშია ცრუობს.

„უტყუარი გარემოება არის, რომ ჯანაშია საგამოძიებო ორგანოებში რამდენჯერმე არის დაკითხული, მაგრამ მას არცერთ ჩვენებაში არ უსაუბრია ორი გარემოების შესახებ. პირველი, თურმე, ფარდულთან მან დაინახა, რომ კალანდიას სახელო სისხლიანი ჰქონდა და მეორე, თურმე, მას დანის მაგვარი რაღაც საგანი ეჭირა ხელში. კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა მან ამის შესახებ გამოძიებაშიც, ცალსახად უპასუხა, რომ გამომძიებლები ასეთ კითხვებს არ უსვამდნენ და როცა დაუსვეს კითხვა, მაშინ უპასუხა. ეს აბსურდია და გარემოებასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. ასევე, მან ვერ განმარტა მისი პოზიცია იმის თაობაზე, თუ რატომ ჰქონდა კალანდიას სახელო სისხლიანი. კალანდიას ქურთუკზე სასამართლო ექსპერტიზა ჩატარებულია და დადგენილია, რომ მასზე არავის სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, ის, რომ კალანდიას სახელო სისხლიანი ჰქონდა, მოწმის ფანტაზიის ნაყოფია. ასევე, მისი თქმით, როცა ის მაღაზიაში წყლის მოსატანად წავიდა და მობრუნდა, კალანდიას უკვე დაბანილი ჰქონდა ხელი და ქურთუკის მარჯვენა სახელური სველი ჰქონდა. ესეც სიცრუეა, რაც არ უნდა გერეცხა კალანდიას ქურთუკის სახელო 10 წუთის განმავლობაში, შანსი არ იყო, რომ მასზე სარალიძის სისხლის კვალი არ დარჩენილიყო. შესაბამისად, ეს არის ცრუ ჩვენების მიმცემი, მაგრამ ბრალდებას აწყობს საქმეში ასეთი ჩვენების ქონა, ეს ასევე აწყობს შეკვეთის მიმცემს“, - განაცხადა თოდუამ.

მისივე განმარტებით, მიხეილ კალანდიას ხელში დანა რომ არ ჰქონდა, ამის შესახებ გიორგი ჯანაშიამ დროებით საპარლამენტო კომისიასთანაც განაცხადა.

„მოწმემ დროებით საპარლამენტო კომისიაზე დაკითხვისას თქვა, რომ არ ვიცი, კალანდიას რა ეჭირა ხელში, შეიძლება ტელეფონი ეჭირაო. დღეს კი, ამბობს, რომ კალანდია მაშინ დაინახა, როცა ფარდულიდან გამოვიდა, დაინახა, რომელსაც დანის მაგვარი საგანი ეჭირა. მოწმემ ვერ განმარტა რა არის დანის მაგვარი საგანი მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, დანებში ერკვევა, კოლექციონერი იყო სხვათა შორის, 200-მდე დანა ჰქონია შეგროვილი, მან დანის მწარმოებელი კომპანიებიც კი იცის უცხოეთში. ამის მიუხედავად, მან ვერ განმარტა, თუ რას ნიშნავს დანის მაგვარი საგანი“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გიორგი ჯანაშიამ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

გიორგი ჯანაშიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს