ტარიელ კაკაბაძე - გასაკვირია, როცა მიხეილ კალანდიას ადვოკატი ჩვენების შეცვლაზე საუბრობს - მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებასა და სასამართლოში 9-10-ჯერ შეცვალა ჩვენება

გასაკვირია, როცა მიხეილ კალანდიას ადვოკატი ჩვენების შეცვლაზე საუბრობს, როდესაც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებასა და სასამართლოში დაახლოებით, 9-10-ჯერ შეცვალა ჩვენებები და ხელი შეუშალა საგამოძიებო ორგანოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიას ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

აღნიშნულით, მან მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მოწმის სახით დაკითხულმა გიორგი ჯანაშიამ ცრუ ჩვენება მისცა. კაკაბაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოს სანდო და დამაჯერებელი ჩვენება მისცა.

„ჩემი დასაცავი პირის ჩვენება აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო. მან ჩვენება საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოს ბევრჯერ მისცა. არ შეიძლება მოიძებნოს არცერთი წინააღმდეგობა მის მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის. დაცვის მხარემ მისი ჯვარედინი დაკითხვისას ვერანაირი დისკრედიტაცია ვერ მოახდინა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის პირდაპირი მოწმე არ გახლავთ, ის ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას არ დაუნახავს ვინ, როგორ ვითარებაში, რა ადგილას დაარტყა დანა დავით სარალიძეს, თუმცა, მან სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც რა თქმა უნდა, საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად მნიშვნელოვანია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საქმეზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოძიებასთან, სასამართლოსთან არ ითანამშრომლა და სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.

გასაკვირია, როცა ადვოკატი ჩვენების შეცვლაზე საუბრობს, როცა მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, დაახლოებით, 9-10-ჯერ შეცვალა გამოძიებასა და სასამართლოში ჩვენებები, ხელი შეუშალა საგამოძიებო ორგანოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში“, - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე განმარტებით, გიორგი ჯანაშიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე დამატებითი კითხვები დაესვა და შეკითხვებიდან გამომდინარე, მან გარკვეული დეტალები დააზუსტა.

„ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაზეც ბრალდებულის ადვოკატი აპელირებს, ჩემ დასაცავ პირს აქამდეც ჰქონდა ნასაუბრები. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოში დაკითხვისას, მხარეები, როგორც პირდაპირი, ისე ჯვარედინი დაკითხვის წესით უსვამენ სხვადასხვა კითხვებს. შეიძლება დღეს დაისვა ისეთი კითხვები, რაც აქამდე არ დასმულა, მაგრამ მან ამ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

შემიძლია კატეგორიულად განვაცხადო, რომ ჩემი დასაცავი პირის მიერ დღეს სასამართლოში მიცემული ჩვენება ყველა უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იგივეა, რაც მან აქამდე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოს მისცა. თუმცა, დღეს მას დაცვის მხარეს დამატებითი შეკითხვები დაესვა და დამატებითი შეკითხვებიდან გამომდინარე, მან გარკვეული დეტალები დააზუსტა. ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ მისი ჩვენება თავიდან ბოლომდე ძალიან დამაჯერებელი, ძალიან სანდო იყო და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოსამართლე მის ჩვენებას გაიზიარებს“, - აცხადებს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, ამავე საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ სასამართლოში განაცხადა, რომ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული ჩვენება სინამდვილეს არ შეესაბამება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა