ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მან და მისმა მეუღლემ ჩვენება მისცეს.

ის მომხდარის შესახებ დეტალებს ჟურნალისტებთან იხსენებს და აცხადებს, რომ იქ მყოფი ადამიანებიც დაადასტურებენ, რამდენად „ბინძურად იქცეოდა ეს ადამიანი".

ოხანაშვილი ამბობს, რომ პირი, რომელიც მას თავს დაესხა, ნასვამ მდგომარეობაში იყო და ხელში გარკვეული საგნებიც ეჭირა და იყო რისკი, მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. თუმცა, ანრი ოხანაშვილი ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. მისივე თქმით, აგრესიის მიზეზი მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობაა, რაზეც როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნული პირი იქვე მიუთითებდა.

„შევედით კაფეში. შევნიშნეთ ადამიანი, უფრო სწორად ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი აგრესიული მზერით ჩემს მიმართ, რაზეც ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ ყურადღება არ მიექცია. ეს ადამიანი დაჟინებული მზერით გვაკვირდებოდა, ჩვენი მაგიდის გარშემო ტრიალებდა, შემდგომ დაიწყო გასვლა გარეთ, რამდენიმე წუთში დაბრუნდა ისევ უკან და კიდევ დაჟინებული მზერით ყურების შემდგომ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და დაიწყო ხმამაღლა ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი პირადად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. იყო რა თქმა უნდა, მუქარაც, ბავშვებთან დაკავშირებით. ჩემი მთავარი ამოცანა რაც იყო, ბავშვები და მეუღლე გამერიდებინა სიტუაციას. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არ შევსულიყავი ამ ადამიანთან რაიმე ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში და მაქსიმალურად პირველი ამოცანა იყო ბავშვები გამერიდებინა სიტუაციას. ეს გავაკეთე. ხალხის ნაწილი გარბოდა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ილანძღებოდა და ნაწილმა სცადა მისი შეჩერება, ვინაიდან კაფის მუშაობა პარალიზებული გახდა.

ფაქტი აღიკვეთა, ეს პიროვნება დაკავებულია, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ეს პიროვნება დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და არა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მე გამოვიკითხე, მივეცი ჩვენება, მეც და ჩემი ოჯახის წევრმა, ჩემმა მეუღლემ. ამ საკითხს მე ვუყურებ სამართლებრივად, ჩემი თმენის ვალდებულება მეტის უფლებას არ მაძლევს, რომ პოლიტიკურ შეფასებაში შევიდე. ეს პიროვნება ფაქტია, რომ პოლიტიკურად ანგარიშსწორებას ცდილობდა.

ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ. გარკვეული ინფორმაციები ეტაპობრივად გავიგე მეც, ისევე როგორც თქვენ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვახტანგ რობაქიძე არ ყოფილა „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი და იყო აქტივისტი ერთ- ერთ რეგიონში 2014 წლამდე.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა