ბადრი ჯაფარიძე - ჩვენს წინააღმდეგ არსებობს შეთქმულება, რომლის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი, შემსრულებლები არიან პროკურატურა და „ქართული ოცნების“ ე.წ ცნობადი სახეები

კონსტიტუციურმა ორგანომ, სახალხო დამცველის ინსტიტუტმა, შეისწავლა ის საქმე, რომელსაც პროკურატურა გვედავება და მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამ ბრალდებას, რომელსაც პროკურატურა გვიყენებს, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ არსებობს შეთქმულება, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას.

„საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ნათელია, რომ ჩვენს წინააღმდეგ არსებობს შეთქმულება, რომლის სათავეშია ბიძინა ივანიშვილი და შემსრულებლები არიან პროკურატურა და „ქართული ოცნების“ ე.წ. ცნობადი სახეები. პროკურატურა იმის ნაცვლად, რომ ებრძოდეს თაღლითობას, თვალთმაქცობას და დანაშაულს, თვითონ არის დანაშაულებრივი სქემის ნაწილი და თაღლითობის და თვალთმაქცობის გზით ასრულებს მის მიერ მიცემულ დავალებას. ხაზგასასმელია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ე.წ. უდიპლომო თადუმაძე, დაჯილდოვდა ჩვენს წინააღმდეგ წარმოდგენილ ბრალზე ხელის მოწერის ასანაზღაურებლად. ის დაჯილდოვდა უზენაეს სასამართლოში უვადო გამწესებით და სამწუხაროა, რომ ეს დანაშაული ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას, ანგრევს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს.

ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციამ, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, შეისწავლა ის საქმე, რომელსაც გვედავება პროკურატურა და მათ ცალსახად გააკეთეს დასკვნა, რომ იქ, ამ საქმეში, არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ამჯერად უკვე კონსტიტუციურმა ორგანომ, სახალხო დამცველის ინსტიტუტმა, შეისწავლა იგივე საქმე და მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამ ბრალდებას, რომელსაც პროკურატურა გვიყენებს ჩვენ, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამ დასკვნის თანახმად, ეს არის ყოვლად უსაფუძვლო, მოგონილი ბრალდება და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის იმ შეთქმულების ნაწილი, რომელზეც მე მოგახსენეთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო