ნოდარ ხარშილაძე - მიხეილ მიშუსტინი არის პუტინის კარგი ხელქვეითი, დაახლოებით, საქართველოს მსგავსი სიტუაციაა

მიხეილ მიშუსტინს, რომლის კანდიდატურაც დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის მეთაურის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმას წარუდგინა, ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე პუტინის ხელქვეითს უწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ნოდარ ხარშილაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. როგორც ექსპერტი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებით საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პუტინის პირობებში რუსეთში ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. სანამ პუტინია, მის ხელშია სრული ძალაუფლება. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ფიგურა პერიფერიული იქნება, ამიტომ ვფიქრობ, რუსეთის პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ იმაში, რაც საქართველოს ეხება.

ის არის პუტინის კარგი ხელქვეითი, მეტი არაფერი. დაახლოებით, საქართველოს მსგავსი სიტუაციაა, დღეს ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს და დიდი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ვინ არის, იგივე არის რუსეთშიც. პუტინი არის მთავარი პირი, დანარჩენი ყველა პერიფერიული ფიგურაა, შიდა ელიტების გადანაწილებაში ამას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს ნაკლებად შეეხება“, - განაცხადა ხარშილაძემ.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის მთავრობა გადადგა. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს