გია ხუხაშვილი კვლევაზე - პოლიტიკისგან გარკვეულმა დისტანცირებამ გამოიწვია კალაძისადმი კეთილგანწყობა, რაც შეეხება ბაქრაძეს, მის მიმართ აგრესია ნაკლებია და ადამიანები ფიქრობენ - ჯანდაბას, იყოს

ეს არ არის გასაკვირი, მოვლენების ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დინამიკა ხელისუფლების მოღვაწეების არის კლებადი და ეს ძირითადად სოციალური-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ეფექტურობით განისაზღვრება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა ლოგიკურია.

მისივე თქმით, ეს არ არის გასაკვირი.

„მოვლენების ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დინამიკა ხელისუფლების მოღვაწეების არის კლებადი და ეს ძირითადად სოციალური-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ეფექტურობით განისაზღვრება. წინა წელი იყო ლარის შემსუბუქების, შესაბამისად, მაღალი ინფლაციის წელი, საშუალო სტატისტიკური ქართველი კიდევ უფრო გაღარიბდა, გამომდინარე იქიდან, რომ სამომხმარებლო კალათა დამძიმდა და შემოსავლების მატება არ მომხდარა. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობის მხრიდან სასამართლოს საქმიანობის უარყოფითად შეფასებას, ხუხაშვილის აზრით, სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა ხელისუფლების პარადოქსალური პოლიტიკითაა განპირობებული, რადგან „ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დისკრედიტირებული მოსამართლეები უნდა დაეტოვებინა“.

„მე ვფიქრობ, ეს გამოიწვია ყველაფერმა იმან, რაც ხდება ამ პერიოდში. სასამართლო სისტემის ავტორიტეტი არის პლინტუსს ქვემოთ, შეიძლება ითქვას და ამას აქვს სავსებით კონკრეტული მიზეზები, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლების პარადოქსალური პოლიტიკიდან არის ეს ყველაფერი განპირობებული. ისინი ამტკიცებენ, რომ წინა რეჟიმი იყო ძალადობრივი, ბუნებრივია, ძალადობრიობა და ავტორიტარული სისტემები მართლმსაჯულების სფეროში ვერ მუშაობს, მაგრამ ამასთანავე, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს დისკრედიტირებული, კომპრომიტირებული მოსამართლეები უნდა დაეტოვებინა. ბუნებრივია, ასეთ სისტემას ვერ ექნება ვერანაირი ნდობა“,- განაცხადა ექსპერტმა.

გია ხუხაშვილმა NDI-ის ანგარიშის მიხედვით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის მიმართ გამოკითხულთა უმრავლესობის მხრიდან დადებითი დამოკიდებულებაც შეაფასა. მისი თქმით, ორივე შემთხვევაში საქმე პარადოქსთან გვაქვს.

„კალაძის შემთხვევაში, პარადოქსია, მაგრამ მის შედარებით უკეთეს მდგომარეობას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით ის განაპირობებს, რომ ის მაინც დაკავებულია გარკვეული სამეურნეო საქმიანობით და არა პირდაპირ პოლიტიკით, პერიოდულად გარკვეულ შედეგებს ის გვაჩვენებს, სხვებისგან განსხვავებით და ზუსტად პოლიტიკისგან გარკვეულმა დისტანცირებამ გამოიწვია მისდამი შედარებით მეტი კეთილგანწყობა.

რაც შეეხება ბაქრაძეს, ბაქრაძე ხომ სულ ლიდერობს ამ რეიტინგებში, აქაც პარადოქსებთან გვაქვს საქმე, ის იმიტომ კი არ ლიდერობს, რომ მოსწონთ როგორც პოლიტიკოსი, არამედ ის ლიდერობს, იმიტომ რომ არაფერს აკეთებს, მაგრამ, თუ არაფერს არ აკეთებს, არც არაფერს აფუჭებს. ნეგატიური რეიტინგია, აგრესია მის მიმართ ნაკლებია, ამიტომ ადამიანები ფიქრობენ - ჯანდაბას, იყოს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლების შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. ამასთან, გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს