ირაკლი ბერაია - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოხუმში განვითარებულ პროცესებს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულობა

„ბოლო პერიოდში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოხუმში განვითარებულ პროცესებს, მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულობა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე, სხდომის დახურვამდე განაცხადა.

ერთობლივ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მოხსენებით გამოვა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი კი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაციაა, რომელსაც სუს-ის წარმომადგენელი წარადგენს.

საკითხზე განხილვაზე გადასვლამდე ირაკლი ბერაიამ სუს-თან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ამას გარდა, აღნიშნა შსს-ს როლი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

„რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის ქმედებები, როგორიც არის ამ ტერიტორიების მილიტარიზაცია, სამხედრო წრთვნები, სადაზვერვო სამსახურების საქმიანობა, ისევე, როგორც რუსული აქტივობები შავ ზღვაზე და არის საფრთხის შემცველი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად, რეგიონული სტაბილურობისთვის. უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ასევე ემატება მძიმე სოციალური მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე არსებული დაძაბულობა, კრიმინოგენური ვითარება, რაზეც თავისთავად, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ბოლო პერიოდში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოხუმში განვითარებულ პროცესებს, იქ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი დაცულობა და რა თქმა უნდა, ყველა ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რუსული უკანონო ვოიაჟები სოხუმში, რომელიც მხოლოდ რუსული ინტერესების გაღრმავებას ემსახურება და სხვას არაფერს“, - განაცხადა ბერაიამ.

მისივე თქმით, ასევე გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, გააზარდონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ ახალგორში ბოლო თვეებში განვითარებული პროცესები, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც განპირობებულია გადასასვლელის ჩაკეტვებით და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სასიცოცხლო სერვისებზე წვდომის შეუძლებლობლით. აქვე მივმართავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმისთვის, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა გააძლიერონ, გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, ასევე საერთაშორისო სამართლით ნაკისრი სხვა ვალდებულებები და უმოკლეს ვადაში მოხსნას ის შეზღუდვები, რომელიც ამძიმებს ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებას. საქართველო მტკიცედ ატარებს გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის თანახმადაც ერთადერთი გზა კონფლიქტის მოსაგვარებლად და კონფლიქტით შექმნილი მძიმე მდგომარეობის გადასალახად არის მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო პროცესი და ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა