მამუკა არეშიძე - თუ აფხაზური მხარე დააყენებს საკითხს ისე, როგორც აქამდე აყენებდა, რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დიალოგი, მაშინ ეს დიალოგი არ შედგება

თუ აფხაზური მხარე დააყენებს საკითხს, რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დიალოგი, მაშინ ეს დიალოგი არ შედგება, თუ აფხაზური მხარე შეცვლის თავის გადაწყვეტილებას მაშინ შანსი არის, რომ ამ დიალოგს რაღაც შედეგი მაინც ჰქონდეს, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუ.

როგორც მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აფხაზური საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი ხვდება, რომ რუსეთზე აბსოლუტურად ჩამოკიდება არაფერს მოუტანთ.

„დიალოგს წინ რა უდგას? - არაფერი. ყოველთვის შეიძლებოდა დიალოგის ფორმატის შექმნა. როგორც კი იწყებოდა მცდელობა ქართულ-აფხაზური დიალოგის, იმ წუთში ჩნდებოდა გარემოებები, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიტიკური სტატუსის გადაწყვეტასთან, რუსეთის პოზიციასთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრაქტიკულად ასეთი ტიპის დიალოგის რეჟიმის შექმნას ხელს უშლიდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაიწყეს აფხაზურმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა ახლა ამ თემაზე საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ის არის, რომ აფხაზური საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, მართალია ასეთი ძალიან ცოტაა მაგრამ ასეთებიც არსებობენ, რომელთა შორის არის იგივე ანქვაბი, იგივე შამბა, ბჟანია და კიდევ სხვა რამდენიმე კაცი, ეს მოაზროვნე ხალხი ხვდება, რომ აბსოლუტურად ჩამოკიდება რუსეთზე აფხაზეთს არაფერს მოუტანს.

დღეს რუსეთი მართავს აფხაზეთს ისეთი მეთოდით, როგორიც არის ე.წ „მოკლე თასმაზე“ ყოფნა. ანუ აძლევს იმ თანხას, რომელიც სჭირდება სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და მორჩა. ამ მდგომარეობაში ყოფნა, იმისთვის, რომ გახდე დამოუკიდებელი სახელმწიფო, რასაც ფიქრობენ აფხაზი პოლიტიკოსები, რასაკვირველია არ გამოვა. ამიტომ არის საჭირო მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა, მრავალვექტორიანი ეს მათი აზრით, რომელიც გულისხმობს მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობას, მაგრამ მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები მათთან არ ურთიერთობენ იმიტომ, რომ საქართველო არ ურთიერთობს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში საჭიროა საქართველოსთან დიალოგის რეჟიმის შექმნა და რაღაცნაირად ურთიერთობის დალაგება და ამიტომ გადაწყვიტეს ამ ნაბიჯის გადადგმა. რაც შეეხება შედეგს, ვერანაირ შედეგს ვერ გამოიტანს, თუ აფხაზური მხარე არ იქნება მოქნილი. თუ აფხაზური მხარე დააყენებს საკითხს ისე, როგორც აქამდე აყენებდა, რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დიალოგი, მაშინ ეს დიალოგი არ შედგება, თუ აფხაზური მხარე შეცვლის თავის გადაწყვეტილებას მაშინ შანსი არის, რომ ამ დიალოგს რაღაც შედეგი მაინც ჰქონდეს. თუ ჩვენ შემოგვთავაზებენ აფხაზები ცალკეულ საკითხებზე მოლაპარაკებას, როგორიც არის ვთქვათ ენგურის თემა ან ჰუმანიტარული პროექტები, როგორიც არის იქ მცხოვრები ქართველების მდგომარეობა, ან ეკოლოგიური საკითხები და ასეთი ტიპის სხვა რამ, მაშინ მოლაპარაკების შემოთავაზებაზე დადებით პასუხს აზრი აქვს, თუ ისინი პოლიტიკური საკითხებით დაიწყებენ, მაშინ აზრი არ აქვს, რადგან შედეგი მაინც არ ექნება“, - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველო-აფხაზეთს შორის დიალოგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმატში ჩატარდება და რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს