გიორგი კანაშვილი - ბჟანია, 4-5 წლის განმავლობაში აფხაზეთში მთავარი პირი იქნება - მის ნათქვამში საინტერესოა ის, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის

დიალოგი არის პირველი აუცილებელი წინაპირობა, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს და აუცილებელია, რომ ჩვენი მხრიდანაც გარკვეული ინიციატივები იყოს გაჟღერებული, - ასე ეხმაურება კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის და „პრეზიდენტობის“ კანდიდატის ასლან ბჟანიას „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებულ პოზიციას სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყების შესახებ.

კონფლიქტოლოგის შეფასებით, ამ ეტაპზე ეს განცხადება ძალიან პოზიტიურია.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ამგვარი რამდენიმე განცხადება ვნახეთ. იგივე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბასი, იგივე ასლან ბჟანიასი, რომელიც დიდი ალბათობით დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება. ეს არის პირი, რომელიც მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთავარი ადამიანი იქნება. ამ ეტაპზე ეს განცხადება ძალიან პოზიტიურია. აუცილებელია, რომ ჩვენი მხრიდანაც, თბილისის მხრიდანაც ამ მიმართულებით გარკვეული ინიციატივები იყოს გაჟღერებული, რომ ჩვენი მხარეც მზად არის. საინტერესო იყო ბჟანიას ნათქვამში ის, რომ ისინი, ყველანაირი წინაპირობის გარეშე მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. ამავე ინტერვიუში ბჟანიამ გალთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხები არ გასცა, მაგრამ აშკარაა, რომ გალთან მიმართებაშიც, დიდი ალბათობით, რაღაცები შეიცვლება. ინტერვიუში არსად არ ფიგურირებს სიტყვა რუსეთი და აფხაზეთის ნებისმიერი ხელისუფალი არც არაფერს არ იტყვის რუსეთზე ნეგატიურს ამ კონტექსტში“,-განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებს საქართველოში მათი პერსპექტივა კარგად უნდა დაანახოს.

„კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ქართველებთან უფრო მეტი დიალოგით მათ აფხაზეთში რუსეთის მზარდი ზეგავლენის დაბალანსება სურთ. ამ მიმართულებით საფიქრალია და საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა იფიქროს, თუმცა საარჩევნო წელია და ეჭვი მეპარება ხელისუფლებამ ამ საქმიანობისთვის მნიშვნელოვნად მოიცალოს. მაგრამ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ამ ყველაფერზე ფიქრის გაძლიერება ძალუძთ და ამაზე უნდა იფიქრონ კიდეც. ყველაფრის ქართულ-რუსულ კონტექსტში გადატანა შეცდომაა. აუცილებელია ცალ-ცალკე სოხუმთან და ცხინვალთან საუბარი იმიტომ, რომ დეოკუპაცია ვერანაირად ვერ განხორციელდება თუ აფხაზების და ოსების საქართველოსკენ შემობრუნება არ მოხდება. ეს არის პირველი აუცილებელი წინაპირობა, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს. თუ ჩვენ საზოგადოებებს შორის ნდობა არ აღდგა, რუსეთი ამით მანიპულირებას განაგრძობს. დიახ, ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის ხიდებია ასაშენებელი და ნდობა არის გასაჩენი.იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ აფხაზეთში და ოსეთში რუსული ბაზები დღეს და ხვალ გაქრება, ამიტომ ვიდრე ამ მიმართულებით პროგრესი არ არის, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ნდობა აღდგეს იქ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველებთან მიმართებაში და კარგად დაინახონ რა განსხვავებაა, ქართველებსა და რუსებს შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველოში მათი პერსპექტივა კარგად უნდა დაანახოს ქართულმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ“,-აღნიშნა გიორგი კანაშვილმა.

„სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისივე თქმით, „მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო