ბადრი ჯაფარიძე NDI-ის კვლევაზე - ეს არის მოსახლეობის მხრიდან პირდაპირი მანდატი, რომ "ქართულმა ოცნებამ" მმართველი პოზიცია უნდა დატოვოს

მოსახლეობის მხრიდან ეს არის პირდაპირ მანდატი იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა დატოვოს მმართველი პოზიცია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, NDI-ის მეთოდიკა ძალიან პროფესიონალურია. მისივე განმარტებით, გამოიკითხა 2000-ზე მეტი ადამიანი, მაგრამ მთავარი, რაც ამ კვლევაშია გამოკვეთილი, მოსახლეობის მხრიდან სრული პროტესტი - დღევანდელი მმართველი ძალის მიმართ მხარდაჭერა არის 19%-ის დონეზე.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შედარებით ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს დღეს "ქართულ ოცნებას".

"აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გამოკვლევა ტარდება არა იმისთვის, რომ მონაცემები ვინმეს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, არამედ ეს გამოკვლევა ტარდება იმისთვის, რომ გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის მოსაზრებები. ყველა ძირითადი მიმართულებით მოსახლეობა უარყოფითად აფასებს "ქართული ოცნების" საქმიანობას და მათ ლიდერებს. ეხება ეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, სადაც დიდი გაუარესებაა შარშანდელთან შედარებით; ეხება ეს ზოგადად, სახელმწიფოს კურსს, სადაც დიდი გაუარესებაა შარშანდელთან შედარებით და ასევე, ყველა სამინისტროს თუ ზოგადად, მთავრობის შეფასება მკვეთრად გაურესებულია შარშანდელთან შედარებით, რომელიც თავისთავად არ იყო ძალიან პოზიტიური. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის მხრიდან ეს არის პირდაპირ მანდატი იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა დატოვოს მმართველი პოზიცია", -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებას, რომ გამოკითხულთა 70%-ზე მეტი უარყოფითად აფასებს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას.

"ვფიქრობ, რომ მოსახლეობის აზრის ასეთი იგნორირება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება მმართველ პარტიას და იმედი მაქვს, ამას მაინც გაითვალისწინებენ და მოლაპარაკებებში, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის, მმართველი ძალის მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები იქნება გადადგუმული მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

რაც შეეხება, ზოგადად, არის თუ არა ეს გამოკვლევა ზუსტი, ადრე ჩატარებულმა კვლევებმა რამდენად დაამტკიცეს, რომ ის, რაც ციფრებშია გამოხატული შემდგომ არჩევნებში ზუსტად გამეორდება, თუ არა, ერთი რამ მინდა ვთქვა, გამოკვლევას აქვს თავის მიზანი, ის იკვლევს მოსახლეობაში განწყობებს, მას თავის ჩატარების მეთოდიკა აქვს, ეს არის ძალიან პროფესიონალურად მომზადებული და ჩატარებული გამოკვლევა. ამიტომ, მისი იგნორირება არის სრული უპასუხისმგებლობა. თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა გავითვალისწინოთ ის მოლოდინები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია",-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, რაც მთავარია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასავლეთის მიმართულებით ქვეყნის ინტეგრაციას მხარს უჭერს. ჯაფარიძის განმარტებით, კიდევ უფრო გაზრდილია აღნიშნული კუთხით მხარდაჭერა, რაც სასიხარულოა და რომელიც უნდა გაითვალისწინოს მომავალში "მმართველობაში მოსულმა ძალამ".

მისივე თქმით, ეკლესიისა და ქართული ჯარის მიმართ მოსახლეობის ნდობა მაღალია, ხოლო სხვა ინსტიტუციების მიმართ კი გაუარესებულია მონაცემები, შარშანდელთან შედარებით, რაც რეალურ ვითარებას ასახავს, რადგან "ინსტიტუციები დანგრეულია, არ ფუნქციონირებენ და მოსახლეობის შეფასებაც აქედან გამომდინარეობს".

ბადრი ჯაფარიძემ ასევე განმარტა, რატომ ვერ მოხვდა "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის"კვლევაში პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" .

"როდესაც ოქტომბერში ეს კვლევა დაიგეგმა, ჩვენ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობა ვიყავით, ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამ გამოკვლევაში "ლელო" არ ყოფილიყო ჩართული. შემდგომ გამოკვლევაში "ლელო" აუცილებლად ჩაერთვება. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიად (2019 წლის) 22 დეკემბერს დავრეგისტრირდით. ამიტომ ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ NDI-ის, რომ ამ ეტაპზე, რამდენადაც ნოემბერში არ ვიყავით პოლიტიკური პარტია, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში. შემდგომ გამოკვლევაში, გაზაფხულისთვის, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა