ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი მიზანია, არა იმ ეტაპზე ვებრძოლოთ დაავადებებს, როცა განკურნება ძვირი ჯდება, არამედ, პრევენციაში ჩავდოთ დიდი ინვესტიცია, რათა ისინი თავიდან ავიცილოთ

„ჩვენი მიზანია, არა იმ ეტაპზე ვებრძოლოთ დაავადებებს, როცა განკურნება ძალიან ძვირი ჯდება ან საერთოდ ვერ ხერხდება, არამედ, პრევენციაში ჩავდოთ დიდი ინვესტიცია, რათა ისინი თავიდან ავიცილოთ“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან , პროცესზე შესვლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პროგრამა არაეფექტურია და უკანასკნელ წლებში დახარჯული თანხების მიუხედავად, სიცოცხლის ხანგრძლივობა ქვეყანაში დაბალია.

„ჩვენ ყოველ მეორე დღეს გვიწევს სასამართლოში მოსვლა და ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გეგმები ქვეყნის განვითარებასთან, უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში არსებულ პრობლემებთან და გამოსავლის გზებთან დაკავშირებით. დღეს გვინდა, ვისაუბროთ უმნიშვნელოვანეს სფეროზე, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა, მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისით უზრუნველყოფა. ის პროგრამა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ დანერგა, სრულიად არაეფექტური და არამდგრადია. ამით თავს იწონებდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სისტემა, რომელიც თავიდანვე არ იყო სწორად დაგეგმილი და გამოიწვია ის, რომ შეიქმნა კორუფციის ხვრელები, სამედიცინო მომსახურების ხარისხი უარესდება. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასებაში - ეს არის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. 2013-2017 წლებში ჯანდაცვაზე დაიხარჯა 12.6 მილიარდი ლარი, რაც მთლიანი ეროვნული პროდუქტის 8%-ზე მეტია, რაც ძალიან დიდი პროცენტია. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით მსოფლიოში საქართველო 101-ე ადგილზეა, ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12 წლით ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. 2013 წლიდან დღემდე მოქალაქეების მიერ მედიკამენტებზე დახარჯულია 5.3 მლრდ ლარი, რის შედეგადაც გაღარიბდა 500 000 ადამიანი, 2013-2019 წლებში სახელმწიფოს ექიმებისა და ექთნების მიმართ დაუგროვდა დავალიანება 350 მილიონი ლარის ოდენობით, მოსახლეობის 50%-ზე მეტი კი უპირატესობას საზღვარგარეთ მკურნალობას ანიჭებს და ეს იმ დროს, როდესაც 12 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად არაეფექტურად და უყაირათოდ იხარჯება ჩვენ მიერ ბიუჯეტში გადასახადებიდან შესული თანხები, რომელიც საბოლოო ჯამში, არ აისახება თითოეული მოქალაქისა და ადამიანის ჯანმრთელობასა და მის კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მანვე ისაუბრა „ლელოს“ მიერ შემუშავებული პროგრამის რამდენიმე თეზისისა და მიზნის გარშემო და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, დეტალურ პროგრამაზე კიდევ ბევრჯერ იქნება საუბარი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ყველა ქართული ოჯახის წევრს. ჩვენ გავზრდით მედიკამენტების პროგრამის დაფინანსებას 500%-ით, რათა მოსახლეობას მიეწოდოს გაიაფებული და ხარისხიანი მედიკამენტები. ჩვენი მიზანია, არა იმ ეტაპზე ვებრძოლოთ დაავადებებს, როცა განკურნება ძალიან ძვირი ჯდება ან საერთოდ, ვერ ხერხდება, არამედ, პრევენციაში ჩავდოთ დიდი ინვესტიცია, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებები. ამიტომ, 100%-ით იქნება დაფინანსება პროფილაქტიკური და პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენი და ყველა იმ ღონისძიების ამოცანაა, რომელსაც დავნერგავთ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ლელოში“ კერძო სადაზღვევო კომპანიების როლის გაზრდას ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებაში აუცილებლად თვლიან, რათა არსებობდეს მდგრადი სისტემა. ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ სისტემას კი სწორედ მდგრადობა არ გააჩნია.

„რაც შეეხება ცნობილ ბოლო ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა და ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ბრძანების სახით გააფორმა, მოგეხსენებათ, თუ რა აჟიოტაჟი გამოიწვია ამ სრულიად არაადეკვატურმა ბრძანებამ. ჩვენი აზრით, მან შექმნა დიდი რისკები იმისთვის, რომ ჯანდაცვის სფერო აღარ იყოს საინვესტიციოდ საინტერესო; მეორე, შექმნა იმის რისკები, რომ დაიწყოს მაღალკვალიფიციური კადრების გადინება საქართველოდან, რაც უდიდესი პრობლემაა; და რაც მთავარია, ისედაც სავალალო სიტუაცია, რომელიც შექმნილია ხარისხიანი სამედიცინო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაუარესდეს. უარყოფითი ზეგავლენა დღევანდელი მთავრობის არაეფექტური მოქმედების შედეგადაა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე პრობლემების გაღრმავებაა. ამიტომ, ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება, სწრაფად მოვახერხოთ ამ დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტა და საბოლოო ჯამში ის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მისი ჯანმრთელობა არის უზრუნველყოფილი, მისი უსაფრთხოება დაცულია. ჩვენი პროგრამა, რომელსაც მომავალში დეტალებში გაგაცნობთ, იმისკენ იქნება მიმართული, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი იმ პროგრამებისგან, რომელთაც ჩვენ დავნერგავთ და პირველ რიგში, ეს მათი ჯანდაცვის უზრუნველყოფას ეხება“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო