ადვოკატი - ზაზა სარალიძის მიერ გადაყენებული გენპროკურორი თანამდებობაზე მასთან შეთანხმებით ინიშნება, ეს პოლიტიკური გარიგებაა მიხეილ კალანდიას საქმეზე

ზაზა სარალიძის პროკურატურაში დღევანდელი ვიზიტი ნიშნავს, რომ ირაკლი შოთაძის დაბრუნების შემთხვევაში არანაირ აქციებს ადგილი არ ექნება, სანაცვლოდ კი „გამოძიების შედეგებით კმაყოფილი“ ზაზა სარალიძე დაელოდება გამამტყუნებებლ განაჩენს მიხეილ კალანდიას მიმართ,- ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრებულის მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ამ საქმით პოლიტიკური ძალების მიერ გამოკვეთილი დაინტერესება კიდევ უფრო ნათელი ხდება და „ეს კიდევ ერთი პოლიტიკური გარიგებაა მიხეილ კალანდიას საქმეზე“.

„ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატად დასახელების გამო ზაზა სარალიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო გამოძიების თითქმის დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმით პოლიტიკური ძალების მიერ გამოკვეთილი დაინტერესება კიდევ უფრო ნათელი ხდება. მხედველობაში მაქვს გარიგება ზაზა სარალიძესა და ხელისუფლებას შორის. 2020 წლის 16 იანვარს ზაზა სარალიძის განცხადება ირაკლი შოთაძის გენპროკურორად ხელახლა დანიშვნის შესახებ და მისი დღევანდელი, 17 იანვრის ვიზიტი ამ უწყებაში პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი შოთაძის დაბრუნების შემთხვევაში არ ექნება არანაირ აქციებს ადგილი, სანაცვლოდ კი „გამოძიების შედეგებით კმაყოფილი“ ზაზა სარალიძე დაელოდება გამამტყუნებელ განაჩენს მიხეილ კალანდიას მიმართ. ზაზა სარალიძესთან შეთანხმებით ირაკლი შოთაძის დაბრუნება გენპროკურორად ნიშნავს სასამართლოზე ზეწოლას დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ კალანდიას მიმართ. არც ისე დიდი ხნის წინ საზოგადოებას ახსოვს ზაზა სარალიძის მოთხოვნით გადაყენებული გენპროკურორი, დღევანდელობა კიდევ უფრო სამახსოვრო ხდება, რამეთუ იგივე ზაზა სარალიძის მიერ გადაყენებული გენპროკურორი ისევ ინიშნება იმავე თანამდებობაზე მასთან შეთანხმებით. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური გარიგებაა მიხეილ კალანდიას საქმეზე“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, როგორც გუშინ ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის ირაკლი შოთაძის გენპროკურორად შესაძლო დაბრუნების ფაქტს „ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად“ აფასებს და აცხადებს, რომ „ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა