ბექა ნაცვლიშვილი - არ მგონია, ბუნებრივი რესურსების გადამუშავება და მისი რეალიზაცია აუცილებლად კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს

სწრაფი ფულის კეთება კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის საკითხი. თუ პრივატიზაციას ვახორციელებთ, კონკრეტული კომპანიები კარგად უნდა გადავამოწმოთ, რომლებიც ამ ქვეყანაში შემოდიან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც შესაბამის კანონში ცვლილებების შემთხვევაში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფო ქონება აუქციონის გარეშე გადაეცემა.

მისივე თქმით, სანამ პრივატიზაციასა და გამარტივებაზე დაიწყებენ საუბარს, მათ კერძო კომპანიებს სხვა რეგულაციები უნდა დაუწესონ, ვინაიდან ამ მიმართულებით საქართველოში ბიზნესის კეთება ხშრად ადამიანის სიცოცხლისა და ექსპლუატაციის ხარჯზე ხდება.

„პირველი, რაც უნდა გავათვითცნობიეროთ ეს არის ის, რომ ბუნებრივი რესურსი, ეს მთელი ჩვენი მოსახლეობის საკუთრებაა, ამიტომ განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ამას. ამ კანონთან დაკავშირებით მე ჩემი წინააღმდეგობა მაქვს იმიტომ, რომ არ მგონია ბუნებრივი რესურსების გადამუშავება და მისი რეალიზაცია აუცილებლად კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს. ეს სახელმწიფომაც შესაძლოა ძალიან კარგად განახორციელოს და ამონაგები პირდაპირ ბიუჯეტში წავიდეს. ეს არის ბუნებრივი რესურსი, ეს არ არის ფეხსაცმელი, რომელიც განსხვავებული ფორმის, განსხვავებული გემოვნების ან განსხვავებული სტილის სხვადასხვა კომპანიამ შეიძლება გამოუშვას. აქედან გამომდინარე, როდესაც პრივატიზაციაზე ვლაპარაკობთ, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ და გამარტივებაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, საუბარი უნდა იყოს იმაზე, რამდენად სწორად შევარჩევთ კომპანიებს, რომლებიც შესაბამისად პრივატიზაციის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. ამ ქვეყანას აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამ საკითხს. სწრაფი ფულის კეთება კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის საკითხი. თუ პრივატიზაციას ვახორციელებთ, კონკრეტული კომპანიები კარგად უნდა გადავამოწმოთ, რომლებიც ამ ქვეყანაში შემოდიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიცით ჭიათურაში რა ხდება, ვიცით ტყიბულში რა ხდება, ბიზნესის კეთება ხშირ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლისა და ექსპლუატაციის ხარჯზე ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი ეწირება ამ პროცესს, ამიტომ ცოტა გონივრულად შევარჩიოთ და სხვა რეგულაციები დავუწესოთ, ვიდრე ლაპარაკს პრივატიზაციასა და გამარტივებაზე დავიწყებთ. სწრაფი ფული არ ღირს ადამიანების სიცოცხლედ და ჯანმრთელობად“,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან სასარგებლო წიაღისეულის შემდგომი გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, შესაძლებელი იქნება ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე გადაცემა, არაუმეტეს 49 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების გადაცემა მოხდება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი სარგებლობის საფასურის სანაცვლოდ.

ამასთან, სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 3 ჰექტარს.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში. ასევე, ემატება 23, 24 და 25 ქვეპუნქტები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა