ლევან ბოძაშვილი გიორგი გახარიაზე - თუ ცვლი ვინმეს, ის უნდა შეცვალო უკეთესით, თუ გინდა, რომ საარჩევნო წელს მოსახლეობას იმედის ნაპერწკალი გაუჩინო

თუ გახარიაზე ძლიერად არავინ მიგვაჩნია შიდაპარტიული თვალსაზრისით, მაშინ ვინ? თუ ცვლი ვინმეს, ის უნდა შეცვალო უკეთესით, თუ გინდა, რომ საარჩევნო წელს მოსახლეობას იმედის ნაპერწკალი გაუჩინო, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლევან ბოძაშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.

ლევან ბოძაშვილის შეფასებით, პრემიერის პოსტზე ხშირი ცვლილებებით მთავრობის სტაბილურობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ცივილიზებულ ქვეყანაში.

„აქ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამდენი პრემიერი გამოიცვალა და მთავრობის სტაბილურობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნორმალურ, დემოკრტიულ, ცივილიზებულ ქვეყანაში, რადგან პრემიერის გამოცვლა ნიშნავს მინისტრების ცვლილებებს, მთავრობის ახალ შემადგენლობას და ქვედა დონეებზე, 300 ათას საჯარო მოხელეს ყოველთვის აქვს შეგრძნება იმისა, რომ ის არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება. უფრო მოდუნებულია, უფრო ნეგატივზე ფიქრობს. ეს სტაბილურობა ინსტიტუციების, რატომღაც ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ დიდი ხნის განმავლობაში, რაც, ბუნებრივია, ქვეყნის მდგომარეობაზეც აისახება. ეს არის ერთი ზოგადი მხარე. მეორე, რაც შეეხება გიორგი გახარიას, მისი განცხადება შეიძლება ჩვენ ორი მხრიდან გავიგოთ, ერთი ის, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მთავრობის შეცვლას და მეორე ის, რომ მართლაც მოხდება ასეთი ცვლილება და მას არ უნდა წინასწარ ამის თაობაზე ინფორმაციის გახმოვანება. ჩვენ შეგვიძლია ამის თაობაზე მხოლოდ ვისპეკულიროთ. თუმცა მის განცხადებაში დადასტურება უფრო ჩანს, ვიდრე უარყოფა, რომ არ მოხდება სამთავრობო ცვლილებები, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კვირიკაშვილის პერიოდს, როდესაც მას ბევრმა ჟურნალისტმა ერთად კითხა, აპირებდა თუ არა გადადგომას, თქვა - წლების განმავლობაში ამას ნუ დაელოდებითო და ერთ თვეში შეიცვალა. ბახტაძის ამბავი საერთოდ პარადოქსული იყო, დანიშვნაც, შემდეგ წასვლაც, ამ ყველაფრის „ფეისბუქით“ განცხადება... ასე რომ, თუ რუსეთში შეიძლება არსებობდნენ ტექნიკური პრემიერები, რატომ არ შეიძლება საქართველოში არსებობდნენ?“- განაცხადა ბოძაშვილმა.

მისი თქმით, პრემიერის დროებითი პირით ჩანაცვლების შემთხვევაში „რაიმე სახის პოლიტიკური დივიდენდი „ქართულ ოცნებას“ არ ექნება“.

„პრობლემა ის არის, რომ ასეთი ძლიერი პოზიციების ფიგურაა, მაგრამ მმართველ პარტიაში ასე მალე კარგავს პოზიციებს, ეს ნიშნავს, რომ თუ მასზე ძლიერად არავინ მიგვაჩნია შიდაპარტიული თვალსაზრისით, მაშინ ვინ? არსებობს გამოთქმა „ნუ დაანგრევ სამყაროს, თუ მისი ამშენებელი არ გყავს“, ამიტომ ეს დილემა ყოველთვის იყო და არის „ქართული ოცნების“ და, ზოგადად, ყველა ხელისუფლების პრობლემა, რომ თუ ცვლი ვინმეს, ის უნდა შეცვალო უკეთესით, თუ გინდა, რომ საარჩევნო წელს მოსახლეობას იმედის ნაპერწკალი გაუჩინო. სხვა შემთხვევაში, ტექნიკურობით შემოფარგლული დროებითი პირის ჩანაცვლებამ რაიმე სახის პოლიტიკური დივიდენდი „ქართულ ოცნებას“ არ მგონია რომ მოუტანოს“,- განაცხადა ბოძაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა