არმაზ ახვლედიანი - ივანიშვილის მმართველობა წარმოუდგენელი იმედგაცრუების, დაკარგული წლებია - უნდა მოვახერხოთ, რომ 2020-ში საქართველომ ჩაკეტილი წრის გარღვევა დაიწყოს

ჩვენმა გაუტეხელმა, სამშობლოს მოყვარულმა ხალხმა საბოლოოდ ზურგი უნდა აქციოს როგორც წარსულის, ისე ამჟამინდელი მმართველობის ტრაგიკულ ექსპერიმენტებს და გზა გაუხსნას იმათ, ვინც მზადაა უანგაროდ, კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, შეგნებითა და თავგანწირვით ემსახუროს საქართველოს, მისი ხალხის კეთილდღეობას, ერთიანობას და სამართლიან განვითარებას. ამის შესახებ „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ დამფუძნებელი და პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს და მისი „ქართული ოცნებაში“ ყოფნის პერიოდს და ასევე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრებს იხსენებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლაც ოსტატურად ცდილობს საფრთხობელას როლი შეუნარჩუნოს სააკაშვილს, მის პარტიულ მიმდევრებს და სწორედ “ამ გზით შეინარჩუნოს ძირგამომპალი ძალაუფლება”.

„2012 წლის 1 ოქტომბერი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული დღე იყო! როგორც ათი ათასობით სხვა თანამოქალაქეს, მეც მქონდა მტკიცე რწმენა, რომ ქვეყანაში იწყებოდა განვითარების თვისობრივად ახალი ეტაპი! მჯეროდა, რომ საქართველოს ეძლეოდა შანსი, გამხდარიყო ნორმალური, ევროპული, წარმატებული, სამართლებრივი, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი, ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა! ბევრს გვწამდა, რომ ამ ცვლილების ავტორი, ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად აცნობიერებდა არსებულ გამოწვევას და ხელიდან არ გაუშვებდა ამ უნიკალურ შანსს საქართველოსთვის და შანსს საკუთარი თავისთვის, ოქროს ასოებით ჩაწერილიყო ისტორიაში!

იმავე წლის ოქტომბრის მიწურულს ივანიშვილს, მისივე თხოვნით, შევხვდი შეკვეთილში და მივიღე შეთავაზება, გავმხდარიყავი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. მაშინ ვფიქრობდი, ნუთუ დადგა დრო, როცა მაღალ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ადამიანი ჩაწყობის, ნაცნობობის,ანგარების და წარსულის სხვა უკუღმართობის გარეშე! შეთანხმების მიუხედავად, ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინა გარემოცვის რჩევა და აჭარის ხელმძღვანელად ერთგული და დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელი, ”ქართუ ბანკის” ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი დანიშნა. გულახდილად ვიტყვი, მაშინ საჯაროდაც ვთქვი იმათ გასაგონად, ვინც მიიჩნია, რომ ივანიშვილმა ამით პირველი შეცდომა დაუშვა, რა მოსატანი იყო ჩემი არდანიშვნა, როცა ქვეყანა იდგა თვისობრივად ახალი, სწორი განვითარების გზის დასაწყისში! გავიდა 5 თვე და ივანიშვილმა კვლავ მთხოვა შეხვედრა. ამჯერად მან მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნობა (პარტიის ხელმძღვანელობა) შემომთავაზა. შეკვეთილში პირველი შეხვედრის დასაწყისშივე ვუთხარი მას, რომ არსებული ვითარება მახსენებდა რუსეთის ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ჩერნომირდინის ფრთიან ფრაზას: „გვინდოდა უკეთ, გამოგვივიდა როგორც ყოველთვის“! მეორე შეხვედრაზეც, ერთი შეხედვით, საკმაოდ მომხიბვლელი შემოთავაზების მიუხედავად, ჩერნომირდინის სხვა ფრაზა შევახსენე: „რა პარტიასაც არ უნდა ვქმნიდეთ, გამოგვდის კომპარტია“! მას გაუკვირდა და მკითხა, ნუთუ ამ დღეში ვართ უკვეო? ვუთხარი, რომ იქამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებდა და თუ მას მართლაც ჰქონდა სურვილი, რომ ასე არ მომხდარიყო, მზად ვიყავი, მიმეღო ეს შემოთავაზება და სხვებთან ერთად ყველანაირად მეცადა, რომ “ქართული ოცნება” ჩამოყალიბებულიყო ისეთ პარტიად, რომელიც გაითვალისწინებდა წინა მმართველი ძალების შეცდომებს და იქცეოდა გამარჯვებებისა და დამარცხებების ღირსეულად მიმღებ, ჯანსაღ, დემოკრატიულ, ქვეყნის მსახურ გაერთიანებად! პირველივე დღეებში გავაცანი სამოქმედო გეგმა, შევთავაზე ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოიწონა, თუმცა საქმე წინ არ მიდიოდა, იმიტომ რომ გარემოცვა გააფთრებული ეწინააღმდეგებოდა ჩემ მიერ შემუშავებული რეფორმების იდეას. მაშინ ივანიშვილმა ბანალური არჩევანი გააკეთა და გაყვა რეტროგრადების შეთავაზებულ საბედისწერო გზას. როგორც ჩანს, ის იმთავითვე აცნობიერებდა, რომ დემოკრატიული განვითარება საფრთხეს შეუქმნიდა მის ძალაუფლებას და სტაბილურობას”,-წერს არმაზ ახვლედიანი.

გარდა ამისა, როგორც არმაზ ახვლედიანი აღნიშნავს, ის ამ ეტაპზე ვერცერთ პოლიტიკურ ძალას ვერ ხედავს, რომელიც ხალხის ნდობას იმსახურებს, თუმცა 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოებამ მხარი მათთვის მისაღებ პროდასავლურ პარტიას უნდა დაუჭიროს.

„მას შემდეგ საქართველო ერთი დიდი წარუმატებელი ექსპერიმენტის ტყვეობაშია! ვერაფრით ხერხდება ამ ჩაკეტილი, მოჯადოებული წრის გარღვევა! ცხადია, რომ ამის არავითარი სურვილი ივანიშვილს არ გააჩნია! ძალაუფლების უზურპაციის გზა, რომელიც მან აირჩია, უზარმაზარ საფრთხეებს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, ანადგურებს ეროვნულ ინტერესებს და კლავს ჩვენი სამშობლოს ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბების პერპექტივას! ცხადია, როგორც წინა ხელისუფლების უსამართლო პოლიტიკა, ისე დღევანდელთა უმსგავსო, სამარცხვინო და საშიში მმართველობა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარების სტრატეგიულ ინტერესებს! სწორედ ამიტომ, ჩვენმა გაუტეხელმა, სამშობლოს მოყვარულმა ხალხმა საბოლოოდ ზურგი უნდა აქციოს როგორც წარსულის, ისე ამჟამინდელი მმართველობის ტრაგიკულ ექსპერიმენტებს და გზა გაუხსნას იმათ, ვინც მზადაა უანგაროდ, კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით და შეგნებით, თავგანწირვით ემსახუროს საქართველოს და მისი ხალხის კეთილდღეობას, ერთიანობას და სამართლიან განვითარებას! ვინც არათუ ჩაებღაუჭება ძალაუფლებას, არამედ ლაღად, ღირსეულად გადასცემას მას იმათ, ვისაც მომდევნო სამართლიანი არჩევნების დროს აირჩევს ხალხი. ივანიშვილის მმართველობა წარმოუდგენელი იმედგაცრუების, დაკარგული წლებია! ის ახლაც ოსტატურად ცდილობს საფრთხობელას როლი შეუნარჩუნოს სააკაშვილს და მის პარტიულ მიმდევრებს და სწორედ ამ გზით შეინარჩუნოს ძირგამომპალი ძალაუფლება! არ უნდა ავყვეთ ამ ავანტიურას და უნდა მოვახერხოთ, რომ 2020-ში საქართველომ დაიწყოს ჩაკეტილი წრის გარღვევა, მოიშოროს პოლიტიკაში საკუთარი თავის სახეიროდ და ქვეყნისა და ხალხის დოვლათის საჯიჯგნად მისული თვალთმაქცები და აირჩიოს ხალხის ხელისუფლება! დღეს ვერ ვხედავ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იმსახურებს ხალხის ნდობას! თუმცა ამ პარტიებში აქა-იქ და, რაც მთავარია, საზოგადოებაში, ნამდვილად არიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც სწორი ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებით, სწორი ხედვით, ხალხის აზრის გათვალისწინებითა და ღვთის შეწევნით შეძლებენ საქართველოს წარმატებულ ქვეყნად გადაქცევას! ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია, რომ 2020-ს არჩევნებში, რა წესითაც უნდა ჩატარდეს ის, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ, მისაღებ, პროდასავლურ პარტიას. ამ გზით ”ოცნების” დამარცხების შემდეგ კი დროებითი, ტექნიკური მთავრობა მოკლე დროში ჩაატარებს მომდევნო, სამართლიან, პროპორციულ არჩევნებს, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს საქართველოს შეუქცევად წარმატებას”,-აღნიშნავს არმაზ ახვლედიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო