ირანი თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ კიევს გადასცემს

ირანი თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ ოფიციალურ კიევს შემდგომი ანალიზისთვის გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ირანული მხარის ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი მზად იყო „შავი ყუთების“ გასაშიფრად მოეთხოვა ექსპერტული ანალიზი საფრანგეთის, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმისთვის, რომ ფრენის შესახებ არსებული მონაცემები წაეკითხა. ირანის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლის, ჰასან რეზაიფარის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინელი ექსპერტები ვერ შეძლებენ „შავი ყუთიდან“ ინფორმაციის მოპოვებას, მაშინ ის საფრანგეთს გაეგზავნება.

„უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, ჩამოგდებული თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ ირანში არ გაშიფრავენ, ამის სანაცვლოდ ისინი ანალიზისთვის უკრაინას გაეგზავნება“, - განაცხადა ჰასან რეზაიფარმა.

ირანის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო მოლაპარაკება.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მოქალაქეების გადმოსვენების საკითხი, ასევე უკრაინის როლი ერთობლივ გამოძიებაში, უფრო კონკრეტულად საკითხი, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს წვდომა „შავ ყუთებზე“, - დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტაიკომ.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქ თეირანის სიახლოვეს ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად 176 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა. თავდაპირველად ოფიციალურმა თეირანმა თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტში რაიმე სახის მონაწილეობა უარყო, მოგვიანებით კი აღიარა, რომ „თვითმფრინავი ირანის რაკეტებმა შეცდომით ჩამოაგდეს“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა