„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში გავიდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში გავიდა. საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულში კი თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი შედიან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქონლით საგარეო ვაჭრობის 2019 წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (498.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (497.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (412.2 მლნ. აშშ დოლარი). საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 613.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (975.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (858.7 მლნ. აშშ დოლარი).

„2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 825.7 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 13 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.6 პროცენტი შეადგინა.

გასულ წელს საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 2 003.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 20 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 2 438.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (9.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.9 პროცენტია,“ - აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)