გიორგი კახიანი - ბექა ოდიშარიას კანდიდატურას მივესალმები, თუმცა საუბარი ვინ იქნება ჯერ არარსებული კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი, ნაადრევია

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ მთავრობა კულტურის სამინისტროს გამოყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას პარლამენტის მხრიდანაც ექნება მხარდაჭერა.

"კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე ადრეც იყო საუბარი და მეც დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია, რომ მიზანშეწონილად მიმაჩნია ასეთი გაყოფა. ვფიქრობ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია. თუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე შემდეგ პარლამენტი იმსჯელებს და ვფიქრობ, პარლამენტის მხრიდანაც თანხმობა იქნება," - განაცხადა კახიანმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა კულტურის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ბექა ოდიშარია, კახიანმა განაცხადა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

"საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება ჯერ არარსებული სამინისტროს ხელმძღვანელი, ნაადრევია. ბექა ოდიშარიას კანდიდატურას მივესალმები, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და სამინისტროს გამოყოფის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის,"- აღნიშნა კახიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფით მოხდება ხარჯების გაზრდა. კახიანის თქმით, სამინისტროების გაერთიანებას შეღავათები არ მოუტანია, შესაბამისად, მისი თქმით, გამოყოფის შემთხვევაში დამატებით სახსრებზე საუბარი არარელევანტურია.

"არანაირი კავშირი ამას ბიუჯეტთან არ აქვს. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ახლა კულტურის სამინისტროს გაყოფა შეიძლება უკავშირდებოდეს დამატებით საბიუჯეტო სახსრებს, არარელევანტურია. სწორი მენეჯმენტი და უფრო მოქნილი მართვა - ეს იყო სამინისტროების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,"- განაცხადა კახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო