სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემისა და პროცედურების დახვეწის, ასევე ამ მიმართულებით ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფისთვის, სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა, სანერგეების წარმომადგენლებს ევროპის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებმა აღნიშნულ სექტორში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ევროპელ ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებები და მოთხოვნები გააცნეს.

„სერტიფიცირების გარეშე წარმოუდგენელია ხარისხიანი ნერგის, შემდგომ კი, მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება. დღეისათვის, მარცვლეულ კულტურებში სერტიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მრავალწლოვან კულტურებში კი, ამ ეტაპზე, პროცესი ნებაყოფლობითია. 2024 წლიდან, ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს სერტიფიცირებული ნერგის წარმოებაზე, რის შედეგად, ადგილობრივი წარმოების ნერგი, ეტაპობრივად, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წლამდე სავალდებულო სერტიფიცირებაზე გადასვლის პროცესში, სანერგე მეურნეობებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში დაეხმარებიან. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა „სკრინჰაუსები“, შეიქმნება ვაზისა და ხეხილის მაღალი კატეგორიის (საბაზისო) სადედე ნარგაობები, საიდანაც სადედე მასალა სანერგე მეურნეობებში გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2018 წელს დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს არეგულირებს კანონი, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს