არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნა ეროვნული საქმეა

საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნა ეროვნული საქმეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფოლკლორის დარბაზის გახსნაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, არჩილ თალაკვაძემ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და მათთან ერთად, საზოგადოებას ფოლკლორის დარბაზის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს გახსნილ ახალ სივრცეში საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა - ფოლკლორის ოქროს ფონდი განთავსდება.

„საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის შექმნით ეროვნული საქმე გაკეთდა. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენს თაობასაც მიეცა შესაძლებლობა, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდამჭერები და მონაწილეები. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო მეტს შევძლებთ და მეტ განვითარებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას.

ბევრ ადამიანს უკითხავს, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ქართული მუსიკა, საგალობლები, მრავალხმიანი სიმღერა საუკუნეების განმავლობაში ისე შემოინახა ქვეყანამ, რომ ის ჩანაწერის სახით არ ყოფილა სადმე დაცული. ამაზე ბევრი სხვადასხვა პასუხი მომისმენია. რეალურად ამ ყველაფრის შენარჩუნება და აღდგენა მოხერხდა იმიტომ, რომ ის არის ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილი, მოხერხდა იმიტომ, რომ მას ღირსეული მამულიშვილები ინახავდნენ და ასწავლიდნენ თაობებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართული ფოლკლორის, ლიტერატურისა და კულტურის მსოფლიოსთვის გაცნობა გაგრძელდება.

„ჩვენი ფოლკლორი, ლიტერატურა, კულტურა კიდევ უფრო ფართოდ გახდება ცნობილი მსოფლიო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ფონდს - „ქართული გალობა“ და ღვინის კომპანია „შილდას“ ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმის დაფუძნებისა და სივრცის ინფრასტრუქტურული განახლების ფინანსური უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ფოლკლორის შენარჩუნება-განვითარებაში ჩხარტიშვილების ოჯახის და ანზორ ერქომაიშვილის განსაკუთრებულ წვლილს გაუსვა ხაზი. მისივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკის განახლებაში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა ფონდმა „ქართუმ“ და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. არჩილ თალაკვაძემ ბიბლიოთეკის თანამშრომლების შრომის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და პარლამენტის სახელით, მათ პატივისცემა დაუდასტურა.

პარლამენტის ცნობით, ფოლკლორის დარბაზში, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები მოიყრის თავს. აქ განთავსდება ფონო-ჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. ასევე, შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერსებული პირებისთვის კი, სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა