ომბუდსმენი - პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება

პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და ის სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რამაც უაღრესად დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დააყენოს იქ არსებული უსაფრთხოება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურები არსებობს, რომელიც პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი ხშირად ხდება.

„მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არაა ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობაში, რომელიც პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი ხშირად ხდება. დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის გავლენა სხვადასხვა გამოვლინებებით არსებობს, რა თქმა უნდა, უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, თუმცა ის დღესაც აქტიურად გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში და გულისხმობს ე.წ. მაყურებლების მიერ წესრიგის შენარჩუნებას. აღნიშნულს ბევრი მიზეზი აქვს და სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული, სამწუხაროდ, პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და ის სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან, ან თუნდაც მოკლევადიან პერიოდში უაღრესად დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დააყენოს იქ არსებული უსაფრთხოება, პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გამოავლინა, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში ე.წ.მაყურებლები პრივილეგირებულ მდგომარებაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს არაფორმალური წესებისადმი დამორჩილებას აიძულებენ.

„ჩვენი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებასა და სხვა ქმედებებში გამოიხატება. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არაფორმალური მმართველები, ე.წ. მაყურებლები იმყოფებიან პრივილეგირებულ მდგომარებაში და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ არაფორმალურ წესებს.

ჯგუფმა ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ 14-ე და 15-ე დაწესებულებაში ახლად შემოყვანილ მსჯავრდებულებთან ე.წ. კარანტინში მიდის კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენელი, უმასპინძლდება მას და შემდეგ უკვე სთავაზობს, რომ ამიერიდან მანაც უნდა შეიტანოს წვლილი, რომ ახალშემოსულ უქონელ მსჯავრდებულს ასევე დაეხმარონ. ამგვარად არაფორმალური მმართველები მაქსიმალურად ცდილობენ ახალმოყვანილი მსჯავრდებულის დარწმუნებას ე.წ.საერთოს შეგროვებაში მონაწილეობის მისაღებად“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენი ნინო ლომჯარია N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამავე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას წარადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა