ფრენების აღდგენა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ფრენების, წიწმატის და ბორჯომის მძევალი არ უნდა გახდეს ქვეყანა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ერთი მხრივ, სიკეთეს გვპირდება, მეორე მხრივ კი, საოკუპაციო ხაზს სწევს და ადამიანებს იტაცებს.
"ფრენების აღდგენა რა თქმა უნდა, კარგია. ეს ხელს შეუწყობს ყველას, როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, მაგრამ ფრენების, წიწმატის, ბორჯომისა და ღვინის მძევალი არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა. ერთი მხრივ, გვპირდებიან სიკეთეს, ფრენების აღდგენის სახით და მეორე მხრივ, დღეს მიდის საოკუპაციო ხაზის კიდევ გადმოწევა. შემდგომი ნაბიჯი იქნება ალბათ, ჩვენი რომელიმე მოქალაქის კვლავ გატაცება და ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების დუმილი იმის იმედად, რომ რაღაცას გადმოუდგებს რუსეთი წინასაარჩევნოდ. რუსეთისადმი მკაცრი დამოკიდებულება და საერთაშორისო თანამეგობრობის გაფრთხილება კიდევ ერთხელ, ასევე მოწოდება, რომ დაუწესონ რუსეთს სანქციები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, არის რუსეთის შეკავების ერთადერთი გზა. თუ რუსეთმა არ დაინახა, რომ რაღაც ფასის გადახდა უწევს, ის გააგრძელებს ყოველთვის ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას და დაიწყებს თითის ქნევას - აი, ხომ ხედავთ, როგორი ჰუმანურები ვართ, ფრენები აღვადგინეთ. ტურისტები ფრენების გარეშეც შემოდიან, ვისაც საქართველოში შემოსვლა უნდა, ის ისედაც იპოვის გზას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.