არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

8 არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროების და აღნიშნული მექანიზმის ექსპერტის მიმართ არაკონსტრუქციული კრიტიკის გამო.

„აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ კი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

პრევენციის ეროვნული მექანიზმი დღესდღეობით წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზმს, რომელსაც უფლება აქვს, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში და შეამოწმოს იქ განთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, პრევენციის ეროვნული მექანიზმი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა დახურულ და მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების უფლებამოსილების განსაზღვრისას საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ეყრდნობა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით განსაზღვრულ პრინციპებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც საქართველომ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით აიღო და რომელიც მოცემულია ოქმის მე-20 მუხლში, სწორედ თავისუფლებააღკვეთილი პირისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის შეხვედრის კონფიდენციურობას შეეხება. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმი უზრუნველყონ „მოწმეების გარეშე, პირადად ან თარჯიმნის დახმარებით, თავისუფლებააღკვეთილ პირებთან, ასევე ნებისმიერ იმ პირებთან კერძო საუბრის გამართვის შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლიათ პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;“ ამავე მუხლში ნათქვამია, რომ მონიტორებს აქვთ „მოსანახულებელი ადგილების ან პირების საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება.“

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ მე-19 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი გადაწყვეტს, პატიმარს გაესაუბროს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნული კადრების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია და უხეშად არღვევს ზემოთ მითითებულ პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუარესებაზე არა მხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც ალაპარაკდა. ამ უკანასკნელის 2018 წლის ვიზიტის ამსახველ ანგარიშში მოცემულია უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შორის გახშირებული ძალადობის შემთხვევებსა და ე.წ. მაყურებლების გავლენაზე, რაც უდიდეს გავლენას ახდენს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახშირებაზე, ასევე, სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოებისა და სახალხო დამცველისთვის, განხორციელებული ძალადობის თაობაზე მსხვერპლისა და თვითმხილველების მხრიდან ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან ინტეგრირების შემდგომ, აღნიშნული უწყება საჯარო ინფორმაციას, უმეტეს შემთხვევაში, აღარ გასცემს, რის თაობაზეც პასუხისმგებლობა ასევე იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს ეკისრება. საჯარო ინფორმაციის სისტემატური გაუცემლობის თაობაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში. აღნიშნულს ასევე ადასტურებს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ინტერესის სფეროსაც პენიტენციური სისტემა წარმოადგენს“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG)“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს