არც ქალბატონ ციხელაშვილს და არც ბატონ კუჭავას არანაირი სერიოზული თხოვნა არ დაუყენებიათ თუ რას ითხოვს საქართველო, რომ დეოკუპაციის გზაზე წინ წაიწიოს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავას ევროპარლამენტში გამოსვლას.
როგორც მან აღნიშნა, არცერთ მათგანს არ გამოუყენებია მაღალი ტრიბუნა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ეხსენებინათ.
„მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიოტორიებზე არსებული ვითარება კარგად დაახასიათა და ზუსტად აღწერა ის მძიმე მდგომარეობა, რაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი, არც ქალბატონ ციხელაშვილს და არც ბატონ კუჭავას არანაირი სერიოზული თხოვნა არ დაუყენებიათ თუ რას ითხოვს საქართველო, რომ დეოკუპაციის გზაზე წინ წაიწიოს, იმისათვის, რომ გაჩნდეს რაიმე პრევენციული ფაქტორი, რომ მომავალში მკვლელობები და გატაცებები აღარ მოხდეს. არც ციხელაშვილს და არც კუჭავას არ მოუთხოვიათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებათა დარღვევების ევროკავშირის მიერ რუსეთზე უკვე დაწესებულ სანქციებში შეტანა.
არცერთ მათგანს არც კი უხსენებია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და არცერთ მათგანს არ უხსენებია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის ინიციატივა, რომელიც საერთოდ მათ გვერდზე იჯდა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა, ანუ რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთზე უკვე დაწესებულ სანქციებში.
არცერთ მათგანს ჩვენი დევნილებისთვის წართმეულ ქონებაზე არ უსაუბრია, განსაკუთრებით აფხაზეთში, რომელიც ქირავდება ტურისტულ სეზონზე ევროპული და ამერიკული კომპანიების მიერ.
ერთი სიტყვით, ასეთი მაღალი ტრიბუნა დეოკუპაციის თალსაზრისით საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენა და დღეს ჩვენ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ვიხილეთ. ამავე დროს დისკუსია გაიმართა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე და ალბათ, ამ დისკუსიას ყველა საღამოს ვიხილავთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ მძიმე საყურებელი იყო, როგორ ცდილობდა ბატონი კუჭავა განსაკუთრებით თავის მართლებას, როცა ევროპარლამენტის წევრები ქვეყანაში არსებულ კრიზისზე, პოლიტპატიმრებზე და იმაზე, რომ არავის არ სჯერა პროპორციულ საარჩევნოს სისტემაზე ვერ გადასვლის ვერსიის, რომ თითქოს აჯანყდნენ ვიღაც დეპუტატები“, - განაცხადა კანდელაკმა.