კახა კუჭავა  - საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კახაბერ კუჭავამ ისაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს ისტორიაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი რჩება საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას, რომელიც ემყარება დეოკუპაციისა და შერიგების კონკრეტულ ნაბიჯებს.

კახაბერ კუჭავამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპელ კოლეგებს ესაუბრა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე.

მისი თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ქვეყანას გააჩნია ამბიციური გეგმა და მოსახლეობის უმრავლესობის მკაფიო მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის არსებობა.

კახაბერ კუჭავამ ასევე მიმოიხილა დემოკრატიული რეფორმების გზით საქართველოს მიერ მიღწეული კონკრეტულ შედეგები და ევროპარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე.

ძირითადი აქცენტები გაკეთდა საკონსტიტუციო რეფორმაზე და მის ფარგლებში შემუშავებულ საარჩევნო სისტემების ცვლილებებზე.

საუბარი შეეხო ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს და სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მიმდინარე დიალოგს.

აღინიშნა, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წარმატებით განხორციელება, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების მიერ.

მოხსენების ბოლო ნაწილი ეხებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს.

კახაბერ კუჭავას მოხსენებაში ხაზგასმით იქნა აღნიშნული, ევროპარლამენტარების მხარდაჭერისა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ განცხადებების მნიშვნელობა, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ეყრდნობოდეს ობიექტურ ინფორმაციასა და უტყუარ ფაქტებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, ევროპარლამენტარებს მიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჰუმანიტარულ კრიზისსა და ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო