დავით ზალკალიანი კონგრესმენების წერილზე - მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები

აუცილებელია განვასხვაოთ რა გამოხმაურებები მოდის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. აღმასრულებელი ხელისუფლების, იგივე აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, წერილებით ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი პირადი კომუნიკაციაა.

„მე არ მაქვს წერილი ნანახი, მხოლოდ ვიცი, რომ არის სოციალურ ქსელში კონგრესმენის ტვიტი. თუკი იქ ეკონომიკურ ვარდნაზეა საუბარი, ალბათ, ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის, რადგანაც კარგად ვიცით, რომ თუნდაც ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოში 6%-მდე იყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იყოს ზუსტი ინფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიზიტები, რომლებიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე მაღალი თანამდებობის პირების ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, კონგრესმენებს მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთანავე აუცილებელია განვასხვაოთ, რა გამოხმაურებები მოდის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. აღმასრულებელი ხელისუფლების, იგივი აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იყო გამოხატული სხვადასხვა განცხადებებში, მხარდაჭერილ დეკლარაციებით თუ იმ ვიზიტებით, რომელიც საქართველოში განხორციელდა და ასევე საქართველოდან აშშ-ში განხორციელებული ვიზიტებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის ყურადღებით ეკიდება სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის გამოხმაურება, ძალიან ყურადღებით ვეკიდებით მათ რეკომენდაციებს, მათ რჩევებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც მათ აქვთ, შეიძლება ეს იყოს სუბიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს გაცემული ყველა კითხვაზე პასუხი.

ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაციები აქვთ მათ სხვა წყაროებიდან, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია პირადი კომუნიკაცია და პირადი კონტაქტები,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა.

როგორც ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, მასთან ერთად წერილის ავტორები არიან გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი.

„დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკოლიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ",-წერს კინზინგერი "ტვიტერზე".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა