ლევან ბოძაშვილი - ევროპელი პარტნიორებისგან პროპორციულის ჩაგდებაზე მკვეთრი აქცენტი ხელისუფლების გადანაწილების მოთხოვნითაა განპირობებული

ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული გადანაწილება დაისვა წყალგამყოფად საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტიულობის შენარჩუნებისათვის,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორებისგან პროპორციულის ჩაგდებაზე მკვეთრი აქცენტი ხელისუფლების გადანაწილების მოთხოვნითაა განპირობებული. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ აზრზეა ევროპული სახელმწიფოების აღმასრულებელი ხელისუფლებები, სხვაგვარად, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადეგენლები ამ კრიტიკას არ წამოიწყებდნენ.

„ევროპას კოალიციური მთავრობების დიდი გამოცდილება აქვს, ერთ-ერთი ამაშიც ხედავენ დემოკრატიის კონსოლიდაციის მნიშვნელოვან ასპექტს. ამის მიღწევის გზად სწორედ პროპორციული არჩევნები მიაჩნიათ და თავი რომ დავანებოთ ცალკეული ევროპარლამენტარების მოსაზრებებს, ამ აზრზეა ევროპული სახელმწიფოების აღმასრულებელი ხელისუფლებებიც. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა პრემიერთან შეხვედრაზე ლიეტუვას პრეზიდენტმაც. სხვაგვარად, მათთან შეთანხმების გარეშე, ევროპის მთავარი პარტიის - სახალხო პარტიის წარმომადგენლები მხოლოდ ოპოზიციური ლობირების გამო ამ კრიტიკას არ წამოიწყებდნენ. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და ეს პროგრესი ევროკავშირისთვის იმდენად ღირებულია, რამდენადაც მათი კრიტიკაა მწვავე. ამიტომ, ამ ყველაფერს ერთის მხრივ პოზიტიურადაც უნდა შევხედოთ. კერძოდ, ევროინტეგრაციული კურსის თვალსაზრისით. ის, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში პარლამენტარების მხრიდან ამ თემაზე აქცენტი კეთდება ნიშნავს, რომ ევროკავშირში საქართველოს დემოკრატიის ბედი უმნიშვნელო არ არის და შესაბამისად არც საქართველოს ევროპული მომავალია უმნიშვნელო. სწორედ აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული გადანაწილება დაისვა წყალგამყოფად ამ პერსპექტიულობის შენარჩუნებისათვის. სხვაგვარად, ევროკავშირში კარგად იციან, რომ სრულად პროპორციული სისტემა, როგორც ასეთი, ცალკე აღებული, არ შეესაბამება ეუთოს კოპენჰაგენის საარჩევნო კრიტერიუმებს და თუ დავაკვირდებით, ეს ხაზი ვენეციის კომისიის დაკვნებშიც არის გამყარებული ზუსტადაც ამ თვალსაზრისით. ამიტომაც, აქ საუბარი იმაზეა, რომ გამოინახოს საუკეთესო ვარიანტი ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვისა, ეს კი ნიშნავს, რომ სრული უმრავლესობა პარლამენტში ვერავის ექნება დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრიდან კომპრომისულ საარჩევნო გარემოში. ამიტომ მოახდინა ევროკავშირმა საარჩევნო სისტემაზე პოლიტიკური დიალოგის ინიცირება და მას მხარს უჭერს აშშ-იც. ის, რაც არ გააკეთა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ანუ სრულად პროპორციულზე გადასვლა, ამის გაკეთება დღეს „ქართული ოცნებისთვის“ გაშვებული, თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელი შანსია,“- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სიტყვა გადანაწილება და არა დათმობა, რადგან ევროპაშიც და ამერიკაშიც კარგად იციან, რა რისკებთანაა დაკავშირებული ყოფილი ხელისუფლების ხელში სრული ძალაუფლება, ამიტომ ძირითადი პოლიტიკური აქტორების მხრიდან კომპრომისისთვის მზაობა მათი ტესტიც არის დასავლეთის თვალში.

„ჩემთვის გასაგებია არგუმენტი, რომ კოალიციური მთავრობა რეალურად პრობლემურია, 2 ან 3 პარტიიანი მთავრობა რეალურად ამომრჩევლის ყველაზე დიდი დამაბნეველია და ეფექტიანობის ხარისხიც დაბალია გადაჭარბებულად პოლიტიზირებული საჯარო სამსახურის პირობებში, არაქმედითი სისტემის პირობებში, თუმცა, როგორც სჩანს, ეს ის ეტაპია, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს. მმართველი პარტიის პოლიტიკოსი რომ ვიყო, მე არ შემეშინდებოდა ამ კოალიციურობის, პირიქით, რაღაც თვალსაზრისით, ეს ერთგვარი პოლიტიკური „ამოსუნთქვის“ საშუალებაც კი იქნებოდა ამ პირობებში მმართველი პარტიისთვის.

ამიტომაც, აქ მნიშვნელოვანია სიტყვა გადანაწილება და არა დათმობა. ევროპაშიც და ამერიკაშიც კარგად იციან, რა რისკებთანაა დაკავშირებული ყოფილი ხელისუფლების ხელში სრული ძალაუფლება, სარკოზის მიერ ევროპარლამენტში ნათქვამი ფრაზა სააკაშვილზე „ცხელი თავი“ კვლავაც მწარე გამოცდილებად ახსოვთ. შესაბამისად, ძირითადი პოლიტიკური აქტორების მხრიდან კომპრომისისთვის მზაობა მათი ტესტიც არის დასავლეთის თვალში. რეალურად, ვინც სრულ ძალაუფლებას წაეპოტინება, ის წააგებს, ვინც კომპრომისზე წავა, საბოლოოდ მოგებული დარჩება. რაც მთავარია, მოიგებს ქვეყანა, ხალხი და ამომრჩეველი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში მიდგომა, სისტემა, როდესაც გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ეს იწვევს პოლარიზებას, მუდმივ კრიზისს, გაუთავებელ პოლიტიზირებასა და შემდეგ მთელი მედიაც, საზოგადოებაც და ქვეყანა მთლიანობაში, ამით არის დაკავებული და უამრავი საქმე რჩება გაუკეთებელი,“- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს