სალომე სამადაშვილი - ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არანაირი ნდობის კრედიტი აღარ აქვს არც აშშ-ი და არც ევროკავშირში, კარგად დავინახეთ კონგრესმენების წერილებიდან და ევროპარლამენტში დებატებიდან

ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არანაირი ნდობის კრედიტი აღარ აქვს არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში, კარგად დავინახეთ, როგორც კონგრესმენების წერილებიდან, ასევე იმ დებატებიდან, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ კონგრესმენების წერილს. სამადაშვილის თქმით, კონგრესმენების მიერ გაჟღერებული გზავნილები დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში პოლიტიკურ ცვლილებებს ელიან.

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და კონგრესში საქართველოს მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გავიდეს ევროატლანტიკურ ორბიტაზე და საქართველოს ჰქონდეს ეკონომიკური წარმატება. როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე, ეს გზავნილი დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანა არის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოვიცილოთ ეს დაბრკოლება, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წარმატების გზაზე და არჩევნების გზით შევცვალოთ ქვეყანაში ხელისუფლება. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არანაირი ნდობის კრედიტი აღარ აქვს არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში, კარგად დავინახეთ, როგორც კონგრესმენების წერილებიდან, ასევე იმ დებატებიდან, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგრძნობი უკუსვლა გვაქვს დემოკრატიის კუთხით, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გახდა იმის მაგალითი, როგორ შეიძლება არაფორმალურად შეინარჩუნო ავტორიტარული რეჟიმი, მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოება ურცხვად გადააგდო, ამან გამოიწვია ეს რეაქცია, რასაც ვხედავთ. ამან მთლიანად ჩამოშალა თუ რაიმე იყო დარჩენილი ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო რეპუტაციიდან," - განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის განცხადებებს, რომელთა თქმითაც, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული შეფასებების მიზეზი რეალური ინფორმაციის ნაკლებობაა. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების ხელშია მთელი დიპლომატიური რესურსი და ამის მიუხედავად, სასურველ მიზანს მმართველი გუნდი მაინც ვერ აღწევს.

„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ჩვენი პარტნიორები რეალურ ინფორმაციას არ ფლობენ, ვაშინგტონში საქართველოს ელჩი არის „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, თუ არ ვცდები, ევროკავშირში საქართველოს საელჩო კი იღებს პოლიტიკურ დავალებებს. მმართველი გუნდის ხელში არის თავმოყრილი სრული ადმინისტრაციული და დიპლომატიური რესურსები, რომელსაც ივანიშვილი საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს. ამ პირობებში თუ ვერ აღწევს შედეგს, ეს ნიშნავს, რომ სიმართლე თავის გზას მაინც იპოვის, რაც არ უნდა პროპაგანდისტული მანქანა ამუშაო,"- განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს