კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარდს შეხვდნენ

ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავასა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ვიზიტი გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარალმენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კახაბერ კუჭავას მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მწვანეთა ფრაქციის საგარეო პოლიტიკურ საკითხთა კოორდინატორთან, რაინჰარდ ბიუტიკოფერთან და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჟან კრისტოფ ბელიარდთან.

კახაბერ კუჭავა ევროპელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჰუმანიტარულ კრიზისსა და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე ესაუბრა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ის საფრთხე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის, ისე სრულიად რეგიონისთვის, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის წარმოადგენს.

„შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის აქტუალურობის შენარჩუნებას. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპარლამენტარს ასევე, ესაუბრა ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, გააცნო საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გზით მიღწეული შედეგები. კახაბერ კუჭავამ შეხვედრისას, ისაუბრა 2017 წელს დაწყებულ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქვეყნის მართვის სრულიად საპარლამენტო მოდელზე გადასვლას და 2024 წლისთვის, მოქმედი საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას გულისხმობს.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჟან კრისტოფ ბელიარდთან შეხვედრისას, კახაბერ კუჭავამ ვრცლად მიმოიხილა სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის შედეგები. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებულ შედეგებზე. ირაკლი ბერაიამ ჟან კრისტოფ ბელიარდს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ზოგადად, ევროკავშირის როლი და მნიშვნელობა. მან ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე,”-აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს