თამარ ჩუგოშვილი - თუ "ქართული ოცნება" ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე

თუ "ქართული ოცნება" ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს.

მისი თქმით, ეს წერილი, თავისი შინაარსით, კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე წინა შემთხვევაში იყო. როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი მმართველი გუნდის მტკიცება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი შიდა პარტიული დემოკრატიის გამო ჩავარდა.

ჩუგოშვილის შეფასებით, ქვეყანას დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა.

"ეს იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც გასული წლის 14 ნოემბერს დაიწყო, როდესაც კანონპროექტი ჩავარდა. თავდაპირველად, დეკემბერში ორმა კონგრესმენმა, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, გამოგზავნეს წერილი, რომლის პასუხადაც საქართველოს მთავრობამაც გააგზავნა წერილი. გუშინ რაც ვიხილეთ, ეს არის მთავრობის წერილზე გამოგზავნილი პასუხი. იმის მიუხედავად, რომ მისი შინაარსი ჯერ არ ვიცით, მოლოდინი მაქვს, რომ ეს პასუხის პასუხი კიდევ უფრო მძიმეა. ამჯერად წერილის ავტორი აღარ არის მხოლოდ ორი კონგრესმენი. წერილის ავტორებს შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ცვლილებები, რომელიც უნდა მიღებულიყო, განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ბედს მომავალი წლების განმავლობაში და მისი ჩაგდებით, საერთაშორისო პარტნიორებში ჩვენ მიმართ ნდობა განადგურდა. ეს ნდობა კიდევ უფრო შეარყია იმ განცხადებებმა, რაც შემდგომ გაკეთდა, რომ პარტიული შიდა დემოკრატიის გამო ჩავარდა კანონპროექტი. ეს არავისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. ეს პროცესები დაიწყო და გაგრძელდება. ქვეყანას ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა და ეს რომ გაგრძელდება, ყველამ ვიცით, მაგრამ ამის გარდა რა ზიანიც შეიძლება მოგვადგეს ყველას, დროთა განმავლობაში გამოჩნდება. თუ "ქართული ოცნება" ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე. სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა განცხადებაც რომ წავიკითხოთ, ესეც კარგი იქნება, რადგან მასშიც ბევრი გასათვალისწინებელი რამ წერია,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება წერილის არ გასაჯაროვებას, პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის თქმით, კანონით, ეს საჯარო ინფორმაციაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. "ჩვენივე კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის საჯარო ინფორმაცია და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის. ამიტომ იმედი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გასცემს ამ ინფორმაციას,"- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა