დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჟენევაში შეხვედრას გამართავს, სადაც ახალი კორონავირუსის შესახებ მეტი ინფორმაცია და მეტი რეკომენდაციები გახდება ცნობილი, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძესა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ კახაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რისი თქმაც შემიძლია არის, რომ მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი. მის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი, რადგან ახალი ტიპის ვირუსია. აქტიურად მიმდინარეობს ჩინეთის მაღალჩინოსნებთან ურთიერთობა, მიმდინარეობს ინფორმაციის მოგროვება. დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჟენევაში შეხვედრას გამართავს, სადაც მეტი ინფორმაცია და მეტი რეკომენდაციები გახდება ცნობილი. ასევე განიხილება, გამოცხადდება თუ არა ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა. რაც შეიძლება ახლა ითქვას არის ის, რომ ეს კორონავირუსია და ცხოველებიდან მოდის. ჩინელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ ის ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. თუმცა ეს ძალიან ცოტა ინფორმაციაა“,- განაცხადა სილვიუ დომენტემ.
მისივე თქმით, რეკომენდაციები ძალიან ზოგადია და ზოგად ჰიგიენას ეხება.