ადვოკატი - გიორგი ჯანაშიას რომ საპროცესო გაფორმებოდა და ამის სანაცვლოდ შეღავათები მიეღო, ხელი არავისთვის დაუდია

მინდა, ვუპასუხო გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გიორგი ჯანაშიამ კონკრეტულ პირს ხელი დაადო, დავით სარალიძისთვის დანის დარტყმაში ამხილა და ამ საფუძვლით მას საპროცესო შეთანხმება უკეთდება, ეს არის მტკნარი სიცრუე. გიორგი ჯანაშიას რომელიმე პირის მხრიდან დანის დარტყმის შესახებ საერთოდ არ უსაუბრია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, გიორგი ჯანაშია საერთოდ არ არის აღნიშნული ფაქტის პირდაპირი თვითმხილველი მოწმე. ადვოკატი ამბობს, რომ ჯანაშიამ სხვადასხვა გარემოებებზე ისაუბრა, თუ როგორ დაინახა დაჭრილი დავით სარალიძე, შემდეგ,როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ მოხდა მტკიცებულებების განადგურება, როგორ იმალებოდა ქალაქგარეთ კონკრეტული პიროვნება და ა.შ.

„მან ისაუბრა უმნიშვნელოვანეს გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა დავით სარალიძეს კონკრეტულად ვინ, რა ვითარებაში ურტყამდა დანას, მას ეს არ დაუნახავს. შესაბამისად, მას ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ადრე მიცემულ ჩვენებებზე მას არსებითი არაფერი დაუმატებია. მოგეხსენებათ, ის ძალიან ბევრჯერ დაიკითხა სასამართლოში, რამდენჯერმე გამოიკითხა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და ყოველ ჯერზე მისი ჩვენება ერთმანეთის მსგავსი, დამაჯერებელი და სანდოა“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რის საფუძველზე უფორმდება საპროცესო შეთანხმება მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას.

„რისი თქმაც შემიძლია, არის ის რომ, როდესაც პიროვნებას ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს, მისი კანონით გათვალისწინებული უფლებაა, რომ ამ შეღავათიან პირობებს დათანხმდეს. მე ამაში კანონსაწინააღმდეგოს და დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. მისი სურვილია, რომ ამ პირობას თანხმდება. აქედან გამომდინარე, შედგა საპროცესო შეთანხმების შესაბამის ოქმი, რომელიც გაიგზავნა სასამართლოში და იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით, დაამტკიცებს თუ არა, როგორ განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ეს წინასწარ ჩემთვის ცნობილი, რა თქმა უნდა, არ არის. ეს ცნობილი იქნება პარასკევის შემდეგ, რაც სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ გიორგი ჯანაშია არასდროს არიდებდა თავს თავის პასუხისმგებლობას საქმეში მონაწილე ბევრი სხვა ფიგურანტისგან განსხვავებით. ჩემი გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანია თვითმხილველი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებებისა, თუმცა ისინი დღემდე არანაირად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არც სასამართლოში არ არიან ისეთი ძალიან გულწრფელი, როგორიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო. ჩვენ თავიდანვე ვიყავით მონდომებული, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილიყო",- განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ეს გამოიხატა თუნდაც იმით, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დამაჯერებელი ჩვენება მიაწოდა სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოს.

„ბრალდების მხარეს საკმარისზე მეტი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ საქმეში მნიშვნელოვანი გარემოებები გამოეკვეთა, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი იყო პირველივე დღიდან. ჩვენც და დაზარალებულიც პირველივე დღიდან ვაპელირებდით იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რასაც არ აღიარებდა საგამოძიებო ორგანო და დაგვიანებით აღიარა თვითონ ბრალდების მხარემ, რომ თურმე, ჩვენი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით მართალი ყოფილა“, - განაცხადა კაკაბაძემ.

ადვოკატი მოუწოდებს ტრაგედიაში მონაწილე ყველა პირს, რომ არავინ გაექცეს სიმართლეს, იმიტომ, რომ ჭეშმარიტება საბოლოოდ გაირკვეს და ნათელი მოეფინოს ყველა ბუნდოვანებას.

„რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესიც დაკმაყოფილდება და დაზარალებულის მდგომარეობაც შემსუბუქდება. რაც შეეხება ჩვენებებს, ვიმეორებ, გიორგი ჯანაშიას, რომ საპროცესო გაფორმებოდა და ამის სანაცვლოდ შეღავათები მიეღო, ხელი არავისთვის დაუდია და ის საერთოდ არ არის პირდაპირი მოწმე მიხეილ კალანდიას ან სხვა რომელიმე პირის წინააღმდეგ“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა