მამუკა ხაზარაძე - თუ ასე გაგრძელდა, „ქართული ოცნება“ სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს

თუ ასე გაგრძელდა, „ქართული ოცნება“ სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს საქართველოსთვის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ღია წერილშია ნათქვამი, რომლითაც ის „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებს და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს.

როგორც ხაზარაძე ღია წერილში აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

„მინდა მივმართო "ქართული ოცნების" დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს: თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30-წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს.

კარგად გაიაზრეთ, თუ რა ადგილს დაიმკვიდრებთ ქვეყნის ისტორიაში. თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია და ეს, პირველ რიგში, თქვენი ვალია, რადგან სწორედ თქვენი მხარდაჭერაა ის, რითაც ეს კურსი სულდგმულობს. ნუ დაუშვებთ, რომ საფრთხე რეალობად იქცეს.

მიიღეთ ეს გაფრთხილებად. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ზოგ თქვენგანს მაინც აქვს შერჩენილი საღი აზრი და ქვეყნის სიყვარული. საქმე ეხება ქვეყნის ბედს და არა ერთი ადამიანის ძალაუფლებას, რომელსაც ცუდად ესმის, რას ნიშნავს ქვეყანა და მისი ისტორიული სტრატეგია,“ - ნათქვამია მიმართვაში.

ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც აშკარაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს