გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ვეღარ ატყუებს განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებს

„ქართული ოცნება“ ვეღარ ატყუებს ვერც ერთი განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მან ამერიკელი კონგრესმენების წერილსა და ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებასთან დაკავშირებით გამართა.

ამასთან, ვაშაძე ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენლების პოზიციას, რომლებიც კონგრესმენებისთვის ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობენ.

„დელეგაციას დელეგაციაზე უშვებს ვაშინგტონში „ქართული ოცნება", ხან პარლამენტის თავმჯდომარე, ხან კობახიძე, ხან რაღაც ჯგუფი, ხან ვიღაც ჩადის და ა.შ. ან ინგლისური არ იციან, როცა ელაპარაკებიან და როგორც მინიმუმ, წერილზე რომ პასუხს წერენ, იმედი მაქვს, თარჯიმნები მაინც ჰყავთ ნორმალური, თუ ინგლისური არ იციან. მაგრამ რეალური მიზეზი იცით რა არის? ვეღარ ატყუებენ ვერც ერთ განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს. ვეღარ მოატყუებენ, აქამდე ხომ ატყუებდნენ და უფრო მთავარიც, აქამდე ისინი „ყიდდნენ" ერთ რამეს, რომ ოპოზიცია იყო თითქოს დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში. დღეს აშშ და ევროკავშირი თანხმდება ერთ რამეზე, რომ დღეს დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება". ასე რომ, ეს კრიტიკა, რაც დღეს არის, მონაგონია, თუ ამას არ შეისმენენ და თუ ისე არაადეკვატურად უპასუხებენ, როგორც წულუკიანები, პარლამენტის წევრები თუ ვინმე სხვა პასუხობს ამ საკითხებს", - განაცხადა ვაშაძემ.

ის ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და აღნიშნა, რომ მას საფრთხე ვერ დაემუქრება.

„ქვეყანას საერთაშორისო იმიჯიც შეელახა, ინვესტიციებზე ეს ხომ უკვე ზეგავლენას ახდენს, ეკონომიკური ზრდის ტემპზე და ყველაფერზე ზეგავლენას ახდენს. მაგრამ მთავარ ფუნდამენტურ, ანუ ევროატლანტიკურ არჩევანზე ეს ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ რა, ახლა, მართლა გვგონია, რომ ვოლსკი, წულუკიანი ან ივანიშვილი გადაგვაფიქრებინებს საქართველოს ევროინტეგრაციას? გამორიცხულია, უბრალოდ, ახლა ამათ გადავყრით სანაგვეზე და გავაგრძელებთ აუცილებლად ევროატლანტიკურ კურსს. ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში, არ არსებობს ინდექსი, ციფრი, რაშიც ბოლო 8 წელიწადში საქართველოს გაუმჯობესება აქვს. ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და „ქართული ოცნება" საფრთხეს ამას ვერ შეუქმნის. ეს კურსი გაგრძელდება, რადგან ვინც მას ემუქრება, არჩევნებში ის წავა სახლში და ეს არის „ქართული ოცნება". ამიტომ, აპოკალიპტური განცხადებები, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს რაიმე კუთხით საფრთხე ემუქრება, მე ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს