ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი - თითოეული მოწმის ჩვენება შეფასდება, მხოლოდ ერთი მტკიცებულებით და ჩვენებით საქმეზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება

მას შემდეგ, რაც გამოკვლეული იქნება აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, ბრალდების მხარე სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვაში მოახდენს თითოეული მოწმის ჩვენების შეფასებას, შემხებლობას და მნიშვნელობას ბრალდებასთან მიმართებაში - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

მან მირზა სუბელიანის შვილის, ალექსანდრე სუბელიანის დაკითხვასთან დაკავშირებით ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე, ვიდრე მტკიცებულებების გამოკვლევა არ დასრულდება, შეფასებებისგან თავს შეიკავებს.

„არასრულწლოვანმა მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც მას თავის დროზე ასევე დაფიქსირებული ჰქონდა გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვის პროცესში. რაც შეეხება უკვე შეფასებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული მოწმის ჩვენება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან მიმართებაში, მას შემდგომ, რაც ჩვენ დავასრულებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, მას შემდეგ, რაც გამოკვლეული იქნება აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, ბრალდების მხარე სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვაში მოახდენს თითოეული მოწმის ჩვენების შეფასებას, შემხებლობას და მნიშვნელობას ბრალდებასთან მიმართებაში. ამ ეტაპზე ჩვენ არ შევალთ შეფასებაში, ვიდრე არ დავასრულებთ მტკიცებულებების გამოკვლევას“, - აღნიშნა ქვარცხავამ.

პროკურორის განცხადებით, მოწმეების მხრიდან გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო მისი შეფასება საბოლოო ჯამში სასამართლოს პრეროგატივაა.

„თითოეული მოწმის ჩვენება შეფასდება. მხოლოდ ერთი მტკიცებულებით , ან მხოლოდ ერთი ჩვენებით არ ხდება საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, ჩვენებები, მათ შორის ასევე ექსპერტების ჩვენებები, გარდა ამისა, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები საერთო ჯამში უნდა შეფასდეს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ამას გარდა, მან უპასუხა კითხვას, თუ რა ნივთიერი მტკიცებულება არსებობს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არის წარმოდგენილი დაახლოებით 150-მდე პირის ჩვენება, გარდა მოწმეებისა, წარმოდგენილია ათეულობით წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. ჩვენ გადავალთ ნივთიერი მკტიცებულებების გამოკვლევაზე, ამ პროცესს თქვენც დაესწრებით და იხილავთ თითოეულ ნივთიერ მტკიცებულებას“, - აღნიშნა ბესიკ ქვარცხავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო