ისრაელის ელჩი - საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა და ვიმედოვნებთ, რომ ისრაელში ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე შეთანხმებას მივაღწევთ

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნებს შორის ქართველების ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

როგორც საქართველოში ისრაელის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ლეგალური დასაქმების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოსა და ისრაელის ორმხრივ ურთიერთობებში.

„ახლა საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ისრაელშია და ეს საკითხი ერთ-ერთია, რომელსაც ის ჩვენს ლიდერებთან განიხილავს. ორივე მხარე მუშაობს ამაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ისრაელში დასაქმდნენ. ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ“,-აცხადებს რან გიდორი.

კითხვაზე, რა სირთულეები უშლის ხელს ლეგალური დასაქმების საკითხზე შეთანხმების მიღწევას, ელჩი აღნიშნავს, რომ ისრაელი პატარა ქვეყანაა და საჭიროა დასაქმების მსურველთა კატეგორიზაცია.

„ჩვენ გვყავს უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, აფრიკიდანაც კი, რომლებიც სამუშაოდ ჩამოდიან. ისრაელი ბევრად პატარაა საქართველოზე და ჩვენ არ შეგვიძლია ყველა მსურველის დასაქმება. შესაბამისად, უნდა მოვახდინოთ კატეგორიზაცია და პრიორიტეტების გამოყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა, ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით,”-აღნიშნა ელჩმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს