ნინო ლომჯარია - იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, ადგილი აქვს ომბუდსმენის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელის შეშლის მცდელობას

იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ ადგილი აქვს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელის შეშლის მცდელობას, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა ე.წ. მატროსოვის ციხეში 23 იანვარს მისი ვიზიტის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხდება უპრეცედენტო რამ ამ ოფისის არსებობის 25 წლის ისტორიაში. როდესაც იუსტიციის მინისტრის და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური უწყების მხრიდან ხდება სახალხო დამცველის და მისი წარმომადგენლების პატიმრებთან შეხვედრების კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება როგორც უკანონოდ შენახული ვიდეოთვალთვალის მასალის გასაჯაროებით, ასევე სახალხო დამცველის მხრიდან პატიმრებთან კონფიდენციალური ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით ჩემი ნებართვის გარეშე.

იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ ადგილი აქვს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელის შეშლის მცდელობას. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იუსტიციის მინისტრი საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, დანაშაულებრივ ქმედებებში რთავს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც, იყენებს პენიტენციურ დაწესებულებაში დაცულ მკაცრად კონფიდენციალურ ინფორმაციას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა, აღნიშნული ქმედებები სცილდება თეა წულუკიანის მხრიდან პირადად ჩემი ან ჩემი აპარატის დისკრედიტაციის მცდელობას და ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას, როდესაც პატიმრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, მათი უფლებრივი მდგომარეობა შესაძლებელია, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, აპარატის ურთიერთობა პატიმრებთან ეფუძნება ორ ფუნდამენტურ პრინციპს - ნდობასა და კონფიდენციალურობას, რასაც ბოლოდროინდელი მოვლენებით საფრთხე შეექმნა.

„ბოლო დღეების ფაქტებით თეა წულუკიანმა პატიმრებს გაუგზავნა ძალიან სახიფათო გზავნილები, რომ მათი ურთიერთობა და კომუნიკაცია, შეხვედრები სახალხო დამცველთან არ არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს. თუკი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვენი ინსტიტუტის მიმართ, ჩვენი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის თაობაზე, ეს ფაქტი გამოიწვევს პატიმრების მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზეგავლენისა და ხელშეშლის ფაქტს და გაზრდის არასათანადო მოპყრობის თუ სხვა უფლებადარღვევის ფაქტებს სისტემაში", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მანვე აღნიშნულისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურასა და თავად იუსტიციის მინისტრს.

„მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარს, პრემიერ-მინისტრს, გააკეთონ საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები. მოვუწოდებ მთავრობას, მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში, რომ მომავალში ჩვენ არ უნდა ველოდოთ უკანონო ქმედებებს ან რაიმე ტიპის პროვოკაციებს, მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა. მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, დაიწყონ დაუყოვნებლივ გამოძიება სახალხოდ დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლის და ზემოქმედების ფაქტზე. მოვუწოდებ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები, იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, იფიქროს პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებზე, იფიქროს, რა შედეგი მოჰყვება მის ამგვარ უკანონო ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში, რა შედეგი ექნება ამას ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს. მათივე ცნობით, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წუხელ ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მოინახულა.

იხილეთ ვიდეო: სახალხო დამცველის განცხადებით იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა