„ჩვენ ვსწავლობდით შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხს, ჩვენთვის არ ყოფილა ცნობილი ვიდეომასალის არსებობის თაობაზე, ვფიქრობ, გუშინ გავრცელებული მასალა დამატებითი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა“ , - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას, იყო თუ არა სახალხო დამცველის აპარატი საქმის კურსში ლევან იზორიას ძმასა და პოლიციის თანამშრომელს შორის მომხდარი ფაქტის შესახებ.
„აღნიშნულმა პირმა (გიორგი დვალიშვილმა)მომართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, თუმცა ჩვენ ვსწავლობდით შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხს, ჩვენთვის არ ყოფილა ცნობილი ვიდეომასალის არსებობის თაობაზე, ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატისთვის არ იყო მოწოდებული. ჩვენც ეს მასალები ვნახეთ გუშინ მედიის საშუალებით, შესაბამისად, ამ ვიდეომასალას რა თქმა უნდა, დავურთავთ იმ მიმდინარე საქმეს, რასაც ვსწავლობთ და განვიხილავთ შესაბამისად, საქმეს ამ ჭრილში, რაც ვნახეთ ამ კადრებში. ეს საქმე არის შესწავლის პროცესში, არ დასრულებულა. მე ვფიქრობ, რომ გუშინ გავრცელებული მასალა არის დამატებითი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება და ალბათ, გარკვეულწილად შეიძლება, საქმეც სხვაგვარად წარიმართოს ჩვენი მხრიდან, რადგან დღესდღეობით თანასწორობის დეპარტამენტი სწავლობს ამ საქმეს, თუმცა, სავარაუდოდ, ამ საქმეში ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტიც ჩაერთვება, რადგან, აქ უკვე ადგილი აქვს პოლიციელთა მხრიდან გარკვეულ სავარაუდო გადაცდომებს ან პოლიციელთა მისამართით ჩადენილ უკანონობებს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, 23 იანვარს „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.