ქეთევან ციხელაშვილი - უპირობოდ და სრულად უნდა გაიხსნას ე.წ გადასასვლელი პუნქტი და გადაადგილების თავისუფლება უნდა იყოს შეუზღუდავი

უპირობოდ და სრულად უნდა გაიხსნას ე.წ გადასასვლელი პუნქტი და გადაადგილების თავისუფლება უნდა იყოს შეუზღუდავი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ახალგორის ე.წ გადასასვლელი პუნქტთან არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, კარგია, რომ კონკრეტულ ადამიანებს აქვთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება, თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ამის შესაძლებლობა ყველა მსურველს ჰქონდეს.

„ბრიუსელში ჩემი ვიზიტი, საჯარო გამოსვლების თუ დახურული შეხვედრების უმთავრესი თემა გახლდათ ახალგორის მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა, გადასასვლელის გახსნის აუცილებლობა. დღეს არის გარკვეული მოძრაობა, ადამიანები არიან მოლოდინში იმისა, რომ ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა. ძირითადად, პენსიონერებზე ვსაუბრობთ, რომელთაც ოჯახების ნაწილი ჰყავთ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, წეროვანში.

ბუნებრივია, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს აუცილებლად, რომ უპირობოდ და სრულად გაიხსნას ე.წ გადასასვლელი პუნქტი და იყოს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდავი. ასეთი ზომაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, არის უდიდესი შეღავათი ხალხისთვის, იმიტომ, რომ ისინი უკვე 5 თვის განმავლობაში არიან ჩაკეტილი, ფაქტობრივ ტყვეობაში, მავთულხლართებს მიღმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს უქმნის საფრთხეს. რა თქმა უნდა, არის კარგი, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს აქვთ გადაადგილების საშუალება. აუცილებელი იქნება, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს გადაადგილების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, შემდგომ აღარანაირი დაბრკოლება იმისა, რომ იმოძრაონ, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, გადმოკვეთონ და ა.შ.

დღეს ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს, კერძოდ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და მის გუნდს. ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საკითხი, სწორედ ახალგორის მიმართულებით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი გახლდათ და ისინი, ისევე როგორც სხვა ჩვენი პარტნიორები გაეროდან და ეუთო-დან, არიან მაქსიმალურად ჩართული იმაში, რომ სწორედ გადაადგილების თავისუფლებას არ შეექმნას დამატებითი რისკები, აუცილებელია მისი აღდგენა და ამავდროულად აუცილებელია იმ გამოწვევების დაძლევა, რასაც ადგილი აქვს მაგალითად წნელისის და ჩორჩანას მიდამოში“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა