ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანი ბიუროში არ მიდის და ხელშეკრულებებზე ხელმოწერას დისტანციურად ახორციელებს

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დეპუტატი ბიუროში არ მიდის და ხელშეკრულებებზე ხელმოწერას დისტანციურად ახორციელებს.

როგორც „ინტერპერსნიუსთან“ საუბრისას კუბლაშვილმა განაცხადა, ჯიშკარიანი თანამშრომლებთან რიგი საკითხების მოგვარებას ვერ ახერხებს, რის თაობაზეც დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე შუამდგომლობას დააყენებს.

„არათუ საქმეში არსებული მასალებით და არსებითი განხილვების პროცესით არიან დაკავებული, არამედ ილია ჯიშკარიანის პოლიტიკური წარსულით არიან გართულები და ამის თაობაზე აქვთ მიმართული საკრებულოსთვის, იძიებენ, რა წარსული აქვს ილია ჯიშკარიანს. თუ საგამოძიებო მოქმედებების დრო, ვადა ამოიწურა და ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ პროცესი უნდა დასრულდეს, უკვე გვიანია აღნიშნული მოქმედებების განხორციელება სამართლებრივად. მათი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკურ სტატუსს სძენენ, აინტერესებთ დეპუტატის ცხოვრება და არა ის, რომ ამ ადამიანის ქმედებაში იყო თუ არა დანაშაულის ნიშნები. რაც შეეხება მათ განცხადებას, ილია ჯიშკარიანი, ბუნებრივია, დისტანციურად ახორციელებს ხელშეკრულებებზე ხელმოწერას. იგი არ მიდის ბიუროში. ბიუროში იმყოფებიან მისი თანამშრომლები, მას სტატუსი არ აქვს შეჩერებული და ბუნებრივია, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვახორციელებთ, რაც შეგვიძლია. არის რიგი საკითხები, რომელიც უშუალოდ უნდა გავიაროთ თანამშრომლებთან, მაგალითად, შევაჯამოთ სამუშაო პერიოდი, რასაც ვერ ვაკეთებთ და აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობას დავაყენებთ სასამართლოში და პროკურატურის წინაშეც ვითხოვე, რომ უდავოდ ცნონ ყველა თანამშრომლის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, არ ვითხოვ, რომ დამატებით დაიკითხონ, ოღონდ დასრულდეს ეს მანიპულაციები, რაზეც დრო გაწელეს და პასუხი არ გამცეს“,- განაცხადა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თამთა თოდაძე აპირებს მარიამ კუბლაშვილს ეთიკის კომისიაში უჩივლოს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და თოდაძის მხარე ცდილობს ყურადღება სხვა ნიუანსებზე გადაიტანოს.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩივილი. მეც შემიძლია ვუჩივლო მათ იმის გამო, რაც ჩემზე ილაპარაკეს. რაც ბაია პატარაიამ აკეთა, მე მაგის დონეზე ვერ დავეშვები. უსაფუძვლოა, რასაც ამბობენ, შეიტანონ და განიხილავს ეთიკის კომისია. ის დამოუკიდებელი ორგანოა, აბსოლუტურად კომპეტენტურია და მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი არის ყურადღების მიქცევის მიზნით, რომ ყურადღება გადაიტანონ სხვა ნიუანსებზე. ჩემ მეტი მაგათ საფიქრალი არ აქვთ და დღეს გააკეთეს ბრიფინგი, რადგან მოახლოვდა თამთა თოდაძის დაკითხვის დღე. მე უდავოდ ვცანი ყველა მტკიცებულება, 3-4 მოწმე დარჩა, მათ შორის თამთა და დედამისი. ამის თაობაზე არიან ძალიან აღელვებულები, არ არის მზად დაკითხვისთვის, იმდენი ტყუილი ილაპარაკა. ეს ადამიანი არც ფსიქოლოგიურად მდგრადი იყო და არ იყო ჩამოყალიბებული. მის ქცევებს აფიქსირებს 10 და უფრო მეტი მოწმე. ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოების წინაშე გამოჩნდეს, რომ ვითომ ავადაა, ცუდადაა, ფსიქოლოგები სჭირდება და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, რომ თავი აარიდოს დაკითხვას და იქ მოაწყოს სცენები. ვერ გაექცევა, მობრძანდეს, დაიკითხოს და კითხვებს პასუხი გასცეს“,- განაცხადა კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, საკრებულოს ბრალდებულმა დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა, თანამშრომლებთან კომუნიკაციის აკრძალვის თაობაზე აღკვეთის ღონისძიება, სავარაუდოდ, დაარღვია.

ამასთან, თამთა თოდაძე აპირებს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ მოთხოვნით მიმართოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო