„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია

არაოფიციალური ინფორმაციით, თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, მურჯიკნელი 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირებს შორის იყო, თუმცა სხვა დაკავებულებთან ერთად 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია.

სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა