შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, "მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა თბილისის გარდა რუსთავის, სიღნაღის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის სამმართველოებს გადაეცა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გერმანული სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა ბორჯომისთვის.

ახალი ავტომობილები მეხანძრე-მაშველებს რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროს დავით სუხიშვილთან ერთად გადასცა. ბათუმში ახალი ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდა.

ავტომობილების საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ტექნიკის სახანძრო-სამაშველო პროცესში ჩართვამდე, მეხანძრე-მაშველებმა ახალ ავტომობილებთან მუშაობის და მართვის სპეციალური სწავლება გაიარეს. სწავლებას გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

30 სახანძრო ავტომანქანა საქართველოში 2019 წლის ბოლოს ჩამოვიდა. ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის პრეზენტაცია 2020 წლის იანვრის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

"მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა.

"მაგირუსის" სახანძრო ტექნიკა განთავსებულია "ივეკოს" ფირმის საავტომობილო შასზე. ოცდაათივე ავტომანქანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს უკვე ემსახურება. გარდა ამისა, დაგეგმილია ფორდ კარგოს მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანების გადანაწილება რეგიონებში. ეს მუნიციპალური სპეც-ტექნიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოდან გამოთავისუფლდა. უახლოეს მომავალში, მოხდება მათი სრული ტექნიკურ-ვიზუალური განახლება და 24 ავტომანქანა შემდეგ რეგიონებს გადაეცემა - აჭარა - 3, გურია - 2, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 1, შიდა ქართლი - 3, იმერეთი - 3, ქვემო ქართლი - 4, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი -3.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა