როგორც ვაკვირდები, „ქართული ოცნება“ ადამიანებს აქეზებს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც ხაბეიშვილი დაშავდა. ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ დაპირისპირებას ხელს იმის გამო უწყობს, რომ მერე თავად „სტაბილურობის გარანტად“ წარმოაჩინონ თავი.
„ნებისმიერი ძალისმიერი მეთოდი ყველა შემთხვევაში დაგმობილი უნდა იყოს. როგორც ვაკვირდები, „ქართული ოცნება“ ადამიანებს აქეზებს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მერე მოგვევლინონ და გვითხრან: „აი, ნახეთ ქვეყანაში ქაოსი იწყება და ჩვენ ვართ სტაბილურობის გარანტია“. ნებისმიერი ქმედება, რომელიც სცდება კანონს, უნდა იქნას დასჯილი, ვის მიერაც არ უნდა იყოს ჩადენილი, საკრებულოს დეპუტატი იქნება თუ რიგითი მოქალაქე,“- განაცხადა ხაზარაძემ.