აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირინე აბულაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საკითხებში, ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე, ალექსანდრე სოკოლოვსკი.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სპორტის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებს.

ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის ურთულესი საცხოვრებელი პირობების და მათ გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ.“

„შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამერიკელი ხალხისა და აშშ-ის მთავრობის (მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC)) მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება.

აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, გაზარდოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები პირების ჩართულობა, სხვადასხვა მომსახურებებისა და სიკეთეების მათზე განვრცობის შესაძლებლობა. აშშ-ის მხარემ ასევე აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და რეფორმები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ღია და გულახდილი კომუნიკაციისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობაზე. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავების აუცილებლობა,”- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა