გიორგი დვალიშვილმა ამხილა სისტემა, მაშინ როდესაც პრაქტიკულად მარტო დარჩა მთელს სახელმწიფო აპარატთან. დღეს ის და მისი ოჯახი იმყოფება ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სუს-ის შენობასთან განაცხდა, რომელიც იქ ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას, დაკავებაში მონაწილე მაიორ გიორგი დვალიშვილთან ერთად მივიდა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ისინი დიპლომატიური კორპუსისთვის და სახალხო დამცველის აპარატისთის აპირებენ მიმართვას.
„გუშინ შეშინებულმა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფმა გიორგის მცირეწლოვანმა შვილმა მომწერა. უკანონო თვალთვალი, გიორგისა და მის ოჯახის წევრებზე ხორციელდება ზუსტად სუს-ის შენობაში მყოფი ადამიანების მიერ. ეს არის სისტემის მახინჯი სახე, რომელმაც დაფარა დანაშაული და მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი გაათავისუფლა საპატრულო პოლიციის მანქანიდან და ბოდიში მოახდევინა საქართველოს პოლიციელებს. იმის ნაცვლად, რომ ამ რგოლმა გამოკითხოს გიორგი, დაიცვას მისი უსაფრთხოება, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, მის ოჯახსა და მცირეწლოვან შვილებს უთვალთვალებენ და შემდეგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებასა და აფილირებას.
მე მივმართავ ყველას, პირველ რიგში, ამ მართლმსაჯულების ძალიან მახინჯ სისტემას და ვაფრთხილებ, დაანებეთ გიორგის და გიორგის ოჯახს თავი, დაანებეთ მის მცირეწლოვან შვილებს თავი. ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეთ იმიტომ, რომ ეს იქნება უმძიმესი ფაზა თქვენი მახინჯი სისტემის მმართელობისა. რასაკვირველია ეს უკანონო თვალთვალი ყოველგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირდაპირ სადარბაზოში მიმდინარეობს. დაანებეთ თვალთვალს თავი წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ეს უკანონო ოპერატიული მუშაკი იქნება მხილებული“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.